ლონდონის ხელოვნების კომპლექსში, სადაც ვან გოგის ცნობილი ავტოპორტრეტი ინახება, ხანძარი გაჩნდა
ლონდონში, სომერსეტ ჰაუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად ხელოვნების ნიმუშები არ დაზიანებულა, - განაცხადეს ლონდონის სახანძრო სამსახურის წარმომადგენლებმა გამართულ პრესკონფერენციაზე. სახანძრო სამსახურის ცნობით, ხანძარი, რომელიც ისტორიულ შენობაში შუადღეს გაჩნდა, ამ დროისათვის ლოკალიზებულია.
ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში 125-მდე მეხანძრე იყო ჩართული. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გაჩენის მიზეზთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. სომერსეტ ჰაუსის დირექტორი ჯონათან რიკი აცხადებს, რომ შენობის იმ ნაწილში, სადაც ხანძარი გაჩნდა, ხელოვნების ღირებული ნამუშევრები განთავსებული არ ყოფილა.
სომერსეტ ჰაუსი, რომელიც ხელოვნების კომპლექსს წარმოადგენს, ტემზაზე, ვატერლოოს ხიდთან მდებარეობს. ტერიტორიაზე განთავსებულია კურტოს გალერეა - ხელოვნების მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია ისეთი ცნობილი ნამუშევრები, როგორიცაა ვინსენტ ვან-გოგის ავტოპორტრეტი, სადაც მხატვარს ყური აქვს შეხვეული. გალერეაში ასევე წარმოდგენილია ედუარ მანეს, კლოდ მონეს და პოლ სეზანის ნამუშევრები.