პედაგოგების მდგომარეობა მძიმეა, რადგან "ოცნება" საარჩევნო სააგიტაციო მანქანაში მათ იძულებით რთავს - ნაცვლიშვილი
,,ოცნება" სასწავლო პროცესში ჩართულ ადამიანებს საარჩევნოდ იყენებს - ასე ეხმაურება "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი მასწავლებლების დღის აღსანიშნავად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონ ლარზე მეტის გამოყოფას.
ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პედაგოგების მდგომარეობა მძიმეა, რადგან მისი განმარტებით, ივანიშვილის ხელისუფლება მასწავლებლებს "ტროლების ფაბრიკაში იყენებს და მათ საარჩევნო სააგიტაციო მანქანაში იძულებით რთავს".
მსგავსი ტიპის ღონისძებები უნდა იყოს მასწავლებლის დაფასების ერთიანი პოლიტიკის ნაწილი და არა ცალკე ამოგლეჯილი საკითხი, რომელსაც, ისევ და ისევ, საარჩევნო მიზნებისთვის უყურებს ხელისუფლება. "ქართული ოცნება" სასწავლო პროცესში ჩართულ ადამიანებს იყენებს საარჩევნოდ, ტროლების ფაბრიკაში. მასწავლებელი უნდა იყოს ხელშეუხებელი. მისი სტატუსი უნდა იყოს იმდენად მაღალი, რომ ვერავინ ვერ გაბედოს ამ ადამიანებისთვის, მათ შორის, პოლიტიკური მითითებების მიცემა. ჩვენ ამის საწინააღმდეგოს ვხედავთ. წინა არჩევნებზე ვნახეთ, რა მძიმე მდგომარეობაში იყვნენ პედაგოგები, რომლებსაც "ოცნება" საარჩევნო სააგიტაციო მანქანაში იძულებით რთავს", - ამბობს ნაცვლიშვილი.
მასწავლებლის დღის აღნიშვნა სახელმწიფო ბიუჯეტს ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაუჯდება - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გამოცხადებული დაჩქარებული ტენდერის დოკუმენტაციით ირკვევა, რომ მხოლოდ ღონისძიების ორგანიზების მომსახურებაში 519 ათასი ლარი დაიხარჯება, დანაჩენი თანხა კი პედაგოგების ფულადი ჯილდოსთვის გადანაწილდება.
მასწავლებლის ეროვნული დღე 27 ოქტომბერს აღინიშნება, მაგრამ წელს თარიღი გადმოწიეს და გამორჩეულ მასწავლებლებს 13 სექტემბერს გამოავლენენ. თარიღის ცვლილების გამო კი, განათლების სფეროს ექსპერტი ფიქრობენ, რომ "ოცნების" მიერ პედაგოგების წინასაარჩევნოდ დაჯილდოება კეთილგანწყობის მოპოვებას ემსახურება.