უკრაინამ ბელარუსის საზღვრის გასწვრივ 120 ათასი სამხედრო განათავსა - ლუკაშენკო
ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ ბელარუსი იძულებული იყო, უკრაინასთან საზღვარზე თავისი არმიის თითქმის მესამედი გადაეყვანა. ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ტელეკომპანია „რასიასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ლუკაშენკოს მტკიცებით, უკრაინას ბელარუსის საზღვართან 120 ათასზე მეტი სამხედრო ჰყავს განთავსებული.
„მათი აგრესიული პოლიტიკის შემხედვარე, ჩვენ იქ გადავიყვანეთ ჩვენი სამხედროები და მთელი საზღვრის გასწვრივ გარკვეულ წერტილებში განვათავსეთ, როგორც ეს იქნებოდა ომის, თავდაცვის შემთხვევაში. მეტიც, იქ მუშაობენ სპეცმსახურები, სპეცდანაყოფები – „ალფა“, „ალმაზი“ და სხვები – ყველაზე მომზადებულები, ისინი თავიანთ სამუშაოს ასრულებენ“, – თქვა ლუკაშენკომ.
ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ხრენინმა 17 აგვისტოს განაცხადა, რომ მეზობელი უკრაინის მხრიდან შეიარაღებული პროვოკაციის დიდი ალბათობა არსებობს და სიტუაცია მათ საერთო საზღვარზე დაძაბულია.
ამ ორ ქვეყანას 1084 კილომეტრიანი საზღვარი ყოფს. ლუკაშენკო, რომელიც პუტინის მოკავშირეა, აცხადებს, რომ ბელარუს-უკრაინის საზღვარი დანაღმულია და უკრაინის ჯარებს უზარმაზარი დანაკარგი ექნებათ, თუ მის გადაკვეთას შეეცდებიან.