სახელმწიფოებრიობა ითხოვს ქვეყანაში, რომ მოღალატეობას სამართლებრივი პასუხი გაეცეს - ირაკლი კირცხალია 2008 წლის აგვისტოს ომზე
სახელმწიფოებრიობა ითხოვს ქვეყანაში, რომ ამ მოღალატეობას სამართლებრივი პასუხი გაეცეს, - აცხადებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია 2008 წლის აგვისტოს ომზე.
მისივე თქმით, ყველას კარგად ახსოვს 2008 წლის ომის შემდეგ ის მოღალატეობრივი ხელშეკრულება, რასაც ევროსაბჭოს რეზოლუცია ჰქვია და ტალიავინის დასკვნა, რომელსაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ დაეთანხმა.
„პირველი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური კითხვა იქნება, რომელიც მერე დაკონვერტირდება სამართლებრივ კითხვაშიც, რომ მთელი ამ ცხრა წლის მანძილზე რატომ აკეთებდნენ ქმედებით 100 %-ით რუსეთის საქმეს. გვახსოვს მხოლოდ რიტორიკით იყვნენ ანტირუსულები და რა იგულისხმება 100%-ით რუსული საქმის კეთებაში.
ყველას კარგად გვახსოვს 2008 წლის ომის შემდეგ ის მოღალატეობრივი ხელშეკრულება, რასაც ევროსაბჭოს რეზოლუცია ჰქვია, შემდეგ ტალიავინის დასკვნა, რომელსაც კოლექტიურად დაეთანხმნენ ქალბატონები და ბატონები, შემდეგ ყველა ის განცხადება, რომელი განცხადებებიც აკეთეს ამ ხელმოწერებისა და დათანხმებების შემდეგ ქვეყნის შიგნით თუ საერთაშორისო დონეზე.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სახელმწიფოებრიობა ითხოვს ქვეყანაში, რომ ამ მოღალატეობას სამართლებრივი პასუხი გაეცეს. საზოგადოება ითხოვს, ყველა ის ოჯახი ითხოვს, რომელიც იქიდან დევნილია და ყველა დაღვრილი სისხლის წვეთი ითხოვს“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
მმართველი გუნდი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის ემზადება. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულებისთვის ყოფილმა სახელისუფლებო ძალამ პასუხი სამართლებრივად უნდა აგოს.