თეგებით ძიება

„ევოლუშენის” გაფიცული თანამშრომლები ერისთავის ქუჩის გადაკეტვას აანონსებენ

„ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლების ნაწილი 39-ე დღეა, გაფიცულია. სამი მათგანი მეშვიდე დღეა შიმშილობს. თუ 20:00 საათამდე, ხელისუფლება, საქართველოს პრეზიდენტი და სახალხო დამცველი პროცესებში არ ჩაერთვებიან, გაფიცულები დიდუბეში ერისთავის ქუჩის გადაკეტვას აანონსებენ.

გაფიცულების მხრიდან აღნიშნული პირობის შესახებ ინფორმაციას პროფკავშირი „ლაბორი“ ავრცელებს.

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას ჩაერთოს კრიტიკულ ზღვრამდე არსებული პრობლემის მოგვარებაში, არ დაუშვას მოშიმშილეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ დაყენება, რადგან უკვე ყოველი წუთი გადამწყვეტია მოშიმშილეებისთვის.

მივმართავთ ხელისუფლებას, საქართველოს პრეზიდენტს და სახალხო დამცველს დაუყოვნებლივ ჩაერთონ პროცესებში დღეს 20:00 საათამდე, რადგან გვექმნება იძულება მოშიმშილეთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად გადავკეტოთ დიდუბის ცენტრალური გზა.

ვიცით რომ დაგვაკავებთ, თუმცა მზად ვართ მოშიმშილეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად“, — ამბობენ პროფკავშირში.

მოშიმშილეების მდგომარეობას იქვე მობილიზებული სასწრაფო დახმარების ბრიგადები აკონტროლებენ. როგორც გაფიცულები ამბობენ, მოშიმშილეებს პერიოდულად სისხლში შაქრის დონე მკვეთრად ეცემათ და 5-დან 8 კილომდე წონის კლება აღენიშნებათ, რაც თავად მათივე თქმით, მოსალოდნელი იყო და ისინი ამისთვის მზად იყვნენ.

„არცერთი ჩვენგანი, თუნდაც ცუდად გახდომის შემთხვევაში, საღ გონებაზე აქედან სასწრაფოს არ გაჰყვება, თუ არ გაგვიტანენ. ნუ გვაიძულებთ ამ მდგომარეობამდე მისვლას“, — ამბობს ერთ-ერთი მოშიმშილე, თამარ ანსიანი.

დღეს, 19 აგვისტოს გამთენიიდან „ევოლუშენ ჯორჯიას“ იმ ოფისთან, სადაც მენეჯერები არიან განთავსებული, “სოლიდარობის ჯაჭვია” ორგანიზებული, რაც გაფიცულებმა გუშინ დააანონსეს. ამ აქციის ფარგლებში კომპანიის H შენობაში თანამშრომლებს არ უშვებენ.

„დღეს სოლიდარობის ჯაჭვის მეშვეობით არ ფუნქციონირების კომპანიის H შენობა ანუ შენობა სადაც მენეჯერები მუშაობენ, რომელთა (ნაწილი) დასაქმებულებს, შეურაცხყოფას აყენებდა, ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ და არაფერს აკეთებდნენ, ამცირებდნენ. დღეს შენობაში ვერ შევიდნენ“, — წერს პროფკავშირი „ლაბორი“.

„ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცულმა თანამშრომლებმა შიმშილობა 13 აგვისტოს დღის 12 საათიდან დაიწყეს.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა