თეგებით ძიება

„ოცნება“ ისტერიკაშია - „ნაცმოძრაობის“ ე.წ გასასამართლებლად 12 წელი ჰქონდათ, ახლა კი ხანდაზმულობის ვადა გასულია - გია ხუხაშვილი

„ქართული ოცნება“ არის ისტერიკაში. ის ფსონებს მაქსიმალურად ზრდის და ერთგვარ „ვა ბანკზე“ მიდის, - ასე შეაფასა პოლიტიკის ანალიტიკოსმა, გია ხუხაშვილმა მმართველი გუნდის განცხადება, რომელიც საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების მიზნით საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას გეგმავს.

გია ხუხაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან ეს არის მორიგი პროპაგანდისტული ხრიკი, რაც იმას ადასტურებს, რომ ხელისუფლება არის „შეშინებული, დამფრთხალი და საქციელწამხდარი“.

„როდესაც12 წელი ხელისუფლებაში ხარ, სულ ამ თემაზე ლაპარაკობ და 12 წლის თავზე ასეთ განცხადებას ავრცელებ, არასერიოზული და მეტსაც გეტყვით, სასაცილოა. არ მგონია, ვინმემ ეს სისულელე „შეჭამოს“. მეორე თემაა განსაკუთრებით დამაფიქრებელი მათი აზროვნების სიჯანსაღესთან დაკავშირებით- როდესაც ისინი ლაპარაკობენ „ნაციონალური მოძრაობა“ და მის სატელიტებიო, ფაქტობრივად, სატელიტებად აცხადებენ ყველა პოლიტიკურ ოპონენტს. ისინი ნებისმიერ პარტიას, ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი „ნაცს“ ეძახიან. შესაბამისად, ეს არის განაცხადი ერთპარტიული სისტემის ჩამოყალიბებაზე. როდესაც ნებისმიერი სხვაგვარად აზროვნება იქნება შეფასებული, როგორც დამნაშავე პარტიის მომსახურება. ეს „თეთრი ძაფით არის ნაკერი“. ეს არის წინასაარჩევნო მანიპულაციების მცდელობა საზოგადოებრივი აზრით“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ზუსტად მსგავს მეთოდებს მიმართავს რუსეთი. გია ხუხაშვილი განმარტავს, რომ ამ განცხადების მიზანი არის ქართული საზოგადოების გახლეჩა და სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე მიყვანა.

„ხელისუფლებას ესმის, რომ პოზიტიური დღის წესრიგით არ შეუძლიათ საარჩევნო შედეგის მიღება და ამიტომ, მისდევენ იმ მატრიცას, რაც რუსეთში ძალიან კარგად არის აპრობირებული. თუ გადახედავთ ამ განცხადების პათოსს, მის პუნქტებს, ეს ყველაფერი რუსეთმა და ბელარუსმა გაიარა. მცდელობა იყო უკრაინაში, რომ იგივე გაეკეთებინათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. თითქოს ყალბი ტრადიციების დაცვა, ურაპატრიოტიზმი, ფსევდორელიგიური გზავნილები, ეს ყველაფერი ამ განცხადებაში აღმოჩნდა. ფაქტობრივად, დააანონსეს, თუ რაზე აიგება მათი საარჩევნო კამპანია. ახლა ოპოზიციაზეა დამოკიდებული, რამდენად მოახერხებს ამ ფარსის ლუსტრირებას, იმის წარმოჩენას, რომ რაც ამ განცხადებაში წერია, არის სიყალბე. არანაირი კავშირი მათ გეგმებს არც მშვიდობასთან, არც სამოქალაქო ერთობასთან არ აქვს, პირიქით, საზოგადოების კიდევ ერთხელ გახლეჩასა და სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე მიყვანამდეა ორიენტირებული, რომ კიდევ ერთხელ გაყონ და შეაძულონ ერთმანეთს ქართველები. ომის ყველაზე ცუდი ფორმა არის სამოქალაქო ომი, ზუსტად აქეთ უბიძგებს „ქართული ოცნება“ ამ განცხადებით ქართულ საზოგადოებას, რაც ძალიან სამწუხაროა. ეს ყველაფერი წინასაარჩევნო მიზნებს ისახავს. დამერწმუნეთ, არჩევნების შემდეგ საერთოდ დაავიწყდებათ, ამ განცხადებაში საერთოდ რაზეა საუბარი. ტვინების გამორეცხვის კიდევ ერთი მცდელობაა. დიდი იმედი მაქვს, ჩვენი საზოგადოების სიბრძნის, რომ „ამ საკენკს კიდევ ერთხელ არ აკენკავენ“, როგორც დღემდე არაერთხელ მომხდარა “, - განაცხადა ხუხაშვილმა.

როგორც ის აღნიშნავს, ნებისმიერი პარტიის პოლიტიკური გასამართლება მას შემდეგ ხდება, როდესაც ისინი ხელისუფლებას ჩამოშორდებიან. ხუხაშვილი განმარტავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. გასასამართლებლად ხელისუფლებას 12 წელი ჰქონდა და ხანდაზმულობის ვადა დიდი ხანია გასულია.

„ახლა ამაზე საუბარი არასერიოზული და სასაცილოა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ განცხადების მიზანი და ამოცანა არის მხოლოდ ქართული საზოგადოების მოტყუება და ხარკის გადახდა იმ ფანატიკოსების ძალიან მცირე ჯგუფისთვის, რომელსაც დღესაც „ნაცების სისხლი სწყურია“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისი განმარტებით, ხელისუფლების ამ პროპაგანდისტულ სატყუარას ოპოზიცია კონკრეტული არგუმენტებით უნდა შეეწინააღმდეგოს, ესაუბრონ ხალხს და აუხსნან, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ერთი დიდი ყალბი ნარატივის ნაწილი.

„რეალურად, „ქართული ოცნება“ მშვიდობის პარტია კი არ არის, პირიქით, ომის პარტიაა, ომის ყველაზე საზიზღარი ფორმის, სამოქალაქო დაპირისპირების. ამ პროპაგანდისტულ შტურმზე მხოლოდ კონტრპროპაგანდა საკმარისი არ არის. ოპოზიციას სჭირდება საზოგადოებასთან დიალოგში შესვლა, რათა ხალხისთვის გასაგებ ენაზე აუხსნან, რომ ეს ყველაფერი არის სიყალბე და ფარსი. ამას ბევრი მუშაობა სჭირდება. ის, რასაც დღეს ოპოზიცია აკეთებს, საკმარისი არ არის. მეტი მუშაობა სჭირდებათ და რაც მთავარია, ინტერაქციულ რეჟიმში. ხალხს კითხვები უჩნდება, რომელზეც პასუხები უნდა გასცენ არა მაღალფარდოვან პოლიტიკურ ენაზე, არამედ ადამიანებისთვის გასაგებ ენაზე. საბოლოოდ, ამ განცხადებაში იგრძნობა, რომ „ქართული ოცნება“ არის ისტერიკაში. ის ფსონებს მაქსიმალურად ზრდის. ერთგვარ „ვა ბანკზე“ მიდის. „ ვა ბანკზე“ როდის მიდის ადამიანი? როდესაც არის შეშინებული, დამფრთხალი და საქციელწამხდარი. შესაბამისად, ეს განცხადება „ქართული ოცნების“ სისუსტეა, ვიდრე ძალის დემონსტრირება“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა