„მე რუსეთში არ ვიცხოვრებ! ვისაც რუსეთში ცხოვრება უნდა... მის ბილეთებს ვაფინანსებ!“ - ირაკლი ტაბლიაშვილი
ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით „ქართულ ოცნებას“ მიმართავს:
„ქართული ოცნების პასუხად!.. მისი ამომრჩევლების გასაგონად და საყურადღებოდ! მსოფლიოში მართლაც ისე ვითარდება მოვლენები, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანად ან მცირე მასშტაბის სპეცოპერაციით, სულაც არაა გამორიცხული. მსოფლიო მოვლენებში, უპირველესად, უკრაინა-რუსეთის ომს ვგულისხმობთ, რომლის გარდაუვალი შედეგიც, რასაკვირველია, უკრაინის გამარჯვება იქნება!პირადად მე ვვარაუდობ, რომ ამ ომს გადაჰყვება პრეზიდენტი პუტინი - პირადად ივანიშვილის პატრონი, პარტნიორი და იმედი!.. ივანიშვილის აზრით, უძლეველი ლიდერი. მაგრამ, ჩემს პერსონალურ აზრს ახლა მნიშვნელობა არ აქვს! მთავარი ისაა, რომ ოდესმეზე ადრე, 2025-27 წლებში, ეს ომი, რა თქმა უნდა, დასრულდება და, ვიმეორებ - დასრულდება უკრაინის სრული გამარჯვებით! დონბასიდან და ყირიმიდან ფეხს სამუდამოდ ამოიკვეთავს რუსეთი! ოკუპაცია აღარ იარსებებს! რა კავშირშია ეს პროცესები და შედეგები აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან?! არსებობს საფუძვლიანი და არგუმენტირებული ვერსია, რომ მარცხს უკრაინაში, მოჰყვება რუსეთის კასკადური მარცხები ყველგან, სადაც ის მეტნაკლებადაა შეჭრილი; მათ შორის, საქართველოში. ეს მოსაზრება, ვიმეორებ, არგუმენტირებულია, მაგრამ, მეორე მხრივ, არგუმენტირებულია ის მოსაზრებაც, რომლის თანახმადაც, რუსეთი, თუნდაც დასუსტებული, საკომპენსაციოდ, მიიღებს გარკვეულ იმ ტერიტორიებს, რომლებზეც მას აქვს პრეტენზია! საქართველო ამ ტერიტორიებიდან მთავარია! საქართველო კავკასიის გასაღებია! მისი მოხელთება ნიშნავს სომხეთის სრულ შეზღუდვას და გარკვეულ კონტროლს აზერბაიჯანზეც, რომლის მფარველი, შესაძლოა, ვეღარც იყოს პოსტ-ერდოღანის თურქეთი. დასავლეთთან ამ ბარტერის მიხედვით, ევროპული სივრცე საკუთარ რიგებში მიიღებს უკრაინას და მოლდოვას და რუსულ სივრცეში ჩატოვებს საქართველოს, რომელიც არც დაიმსახურებს დასავლეთის ყურადღებას იმიტომ, რომ ცხელი ომის ფაზის დროს ან მიყურსული იყო, ან ღიად უჭერდა მხარს რუსეთს - აგრესორ ქვეყანას!ეს ვესია/თეორია, ვიმეორებ, ასევე საფუძვლიანია! თუმცა, რა გადასწონის და როგორ, არავინ უწყის! ახლა, რაც შეეხება თქვენს (ქართული ოცნების) პოზიციას! გარდა იმისა, რომ თქვენ გაქვთ არასწორი გათვლა რუსეთის გამარჯვებაზე, თქვენ ცდებით სხვა მხრივაც - მიიჩნევთ, რომ კონფლიქტის დასრულების შემდეგ, ვთქვათ ნატოზე უარის შემთხვევაში, რუსეთი (გამარჯვებული თუ დამარცხებული) გაიღებს წყალობას და დაგვიბრუნებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს!შესაბამისად, ყველას, ვინც საპირისპიროს დაამტკიცებს, თქვენ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას, ომის პარტიას ან დამპალი დასავლეთის აგენტურად მოიხსენიებთ! საკონსტიტუციო უმრავლესობაც იმიტომ გჭირდებათ, რომ მოსპოთ და განდევნოთ თქვენი ოპონენტები - პარტიები; მედია; არასამთავრობო ორგანიზაციები; ინდივიდები!.. თქვენ აპირებთ არა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, არამედ, საკონსტიტუციო ცვლილებას და ნატოში გაწევრიანების ჩანაწერის ამოშლას! აგრეთვე - ან რეფერენდუმს თემაზე - საქართველოს ნეიტრალიტეტი, ან რუსეთის საოკუპაციო ჯარის მოწვევას და ახალციხეში რუსეთის საოკუპაციო ჯარის დაკანონებას! როდესაც თქვენ ახსენებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს და საკონსტიტიციო უმრავლესობის მიღების აუცილებლობას, სწორედ ამას და ამგვარ ცვლილებებს გულისხმობთ!.. და ბოლოს - თუ მიაქციეთ ყურადღება - ამ სტატუსში ერთხელაც არ მიხსენებია სიტყვები - მოღალატე! რუსეთის აგენტი! ორჯონიკიძედ არ მომიხსენებიხართ და ა.შ.ეს იოლი იქნებოდა!.. ახლაც იოლია! მაგრამ, ამჯერზე ავცდები ამგვარ შეფასებებსაც და მუქარასაც, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ! და რომ თქვენ ვერანაირ სცენარს ვერ გაითამაშებთ! ბოლო სიტყვა კი ასეთია! საქართველოს დასავლეთის გარეშე ეწოდება რუსეთი! მე რუსეთში არ ვიცხოვრებ! ვისაც რუსეთში ცხოვრება უნდა... მის ბილეთებს ვაფინანსებ!“