ლოლაძე: „ის წარმოდგენა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია თვალს დახუჭავს საქართველოს ხელისუფლების ანტი-დემოკრატიულ ნაბიჯებზე არასწორია...
„ის წარმოდგენა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია თვალს დახუჭავს საქართველოს ხელისუფლების ანტი-დემოკრატიულ ნაბიჯებზე არასწორია, მით უფრო რომ „ქართულმა ოცნებამ“ ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა, ეს უკანასკნელი კი ტრამპის რესპუბლიკელებისთვის წითელი ხაზია“ - საინფორმაციო სააგენტო TIA.GE პოლიტიკის ანალიტიკოსს გიორგი ლოლაძეს ესაუბრა კითხვები დაუსვა აქტუალურ საერთაშორისო პოლიტიკურ საკითხებზე.
„ჯერჯერობით ჩანს, რომ უკრაინის შეტევა წარმატებულია და რუსეთი რეზერვების მობილიზებას ვერ ახერხებს, ის ცდილობს რომ ყველაზე კარგად გაწვრთნილი ნაწილები დონეცკის ფრონტიდან არ გამოიყვანოს. ჩვენ ვაკვირდებით, რომ უკრაინა კურსკის ოლქში ცდილობს რუსეთის მომარაგების ხაზების მოსპობას და ალყის შეკვრას. თუმცა მეორე მხრივ ვხედავთ, რომ უკრაინა ვერ ახერხებს დონეცკის ოლქში რუსეთის წინსვლის შეჩერებას, ომი გრძელი იქნება და წარმატება ექნებას მას, ვინც შეძლებს რეზერვების სწორად გამოყენებას. უკრაინელებმა ბევრი ტყვე ჩაიგდეს ხელში, რაც სამომავლოდ მოლაპარაკებებისთვის იქნება ძალიან კარგი. უკრაინის ამ მოულოდნელმა შეტევამ აჩვენა, რომ მტერს ძალების სწრაფი მობილეზება და გადმოსროლა საჭირო ადგილას უჭირს“ - აღნიშნავს ანალიტიკოსი. ის ასევე დასძენს, რომ მნიშვნელოვანია დასავლეთმა დახმარების არათუ ტემპი არ დააგდოს, არამედ უფრო გააძლიეროს:
„აუცილებელია, რომ დახმარების მიწოდება ბევრად მეტი იყოს. განსაკუთრებით დასავლური შორს მოქმედი შეიარაღებით რუსეთის ტერიტორიებზე თავდასხმაზე ნების დართვაა საჭირო. ჯერჯერობით ამას აშშ-ის მთავრობა ბლოკავს, თუმცა უკრაინა მაინც მედგრადაა. უკრაინამ ყველაზე კრიზისული პერიოდი მაშინ გაიარა, როდესაც აშშ-ის კონგრესში გაჭიანურებული განხილვები მიდიოდა დახმარების პაკეტთან დაკავშირებით“.
ლოლაძე ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე არარეალურია მოლაპარაკებებზე საუბარი: „რთული იქნება, რაიმე სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა, მგონი ყველა შეგუებულია, რომ ომი ხანგრძლივი იქნება. უკრაინა არ აპირებს ტერიტორიების დათმობას, ამას ხალხიც ეწინააღმდეგება. მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპი გვპირდება, რომ ომს მალე დაასრულებს ეს რთულად წარმოსადგენია“. ანალიტიკოსი პასუხობს კითხვებს მოახლოებული აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ:
„კამალა ჰარისის დასახელებამ გააღვივა დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერების ენთუზიაზმი, ბოლო კვლევებით ტრამპსა და ჰარისს შორის სხვაობა დაბალია, თუმცა ხშირად რამდენიმე პროცენტით უსწრებს კამალა ჰარისი. ზოგადად აშშ-ის ოდნავ უცნაური საარჩევნო სისტემა აქვს და შესაძლოა რამდენიმე მერყევმა შტატმა გადაწყვიტოს პრეზიდენტობის ბედი. საქართველოს მიმართ აშშ-ის მხრიდან საგარეო პოლიტიკა ორივე კანდიდატის შემთხვევაში არ შეიცვლება. ის წარმოდგენა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია თვალს დახუჭავს საქართველოს ხელისუფლების ანტი-დემოკრატიულ ნაბიჯებზე არასწორია, მით უფრო რომ „ქართულმა ოცნებამ“ ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა, ეს უკანასკნელი კი ტრამპის რესპუბლიკელებისთვის წითელი ხაზია“.
ესაუბრა გიორგი აბულაძე