„ხატიას არაფერი აქვს წამოსაძახებელი, ის არის "ნაციონალური მოძრაობის" შენაძენი“ - რომან გოცირიძე
"ხატიას არაფერი აქვს წამოსაძახებელი. ის არის ნაციონალური მოძრაობის შენაძენი, ის დღეს სჭირდება ოპოზიციას და იმედია, ხვალ, საპარლამენტო კოალიციურ უმრავლესობას." - ასე ეხმაურება "ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე ამავე საპარლამენტო ჯგუფის წევრის, ხატია დეკანოიძის "ნაციონალურ მოძრაობაში" დაბრუნებას:
"ვინაიდან ქალბატონი ხატია დეკანოიძე ნაციონალურ მოძრაობას შეუერთდა, ამან ბევრი კითხვა გააჩინა, მათ შორის ჩემთან დაკავშირებითაც, ამიტომ გადავწყვიტე, რომ გავცე ამ კითხვებზე პასუხი.
1. ჩვენი საპარლამენტო ჯგუფი, “ევროოპტიმისტები”, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო პარლამენტში და მრავალმხრივი ნაყოფიერი მუშაობით გამოირჩეოდა, რა თქმა უნდა, ამ მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ბოლომდე კვლავ გააგრძელებს არსებული ფორმით საქმიანობას.
2. რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას, არსებული ოთხი ოპოზიციური პოლიტიკური ცენტრიდან თუ რომელთან ვითანამშრომლებ, ცოტა მოგვიანებით გახდება ცნობილი.
3. მისასალმებელია ოპოზიციის გაერთიანების პროცესი, თუმცა მისი კიდევ უფრო გამსხვილება შესაძლებელია ( არ ვგულისხმობ ე. წ. ერთიან სიას, რომელიც ძნელად წარმოსადგენია). რისკი, რომ ოთხი ოპოზიციური “ბლოკიდან” ერთი დარჩეს ბარიერსმიღმა, კვლავ არსებობს. ეს ფაქტობრივად ამ ხელისუფლების მაშველ რგოლად შეიძლება იქცეს. მიუხედავა ამისა, იმდენად ცოტა დროა დარჩენილი არჩევნებამდე და შემდგომი გაერთიანება იმდენ სირთულესთან არის დაკავშირებული, რომ ამის ალბათობა, სამწუხაროდ მცირეა.
4. ყველა პატარა პარტია, პოლიტიკურად აქტიური პირი თუ პოლიტიკური მიზნების მქონე სამოქალაქო აქტივისტები უნდა გაერთიანდნენ ამ ოთხი ცენტრის ირგვლივ. ამას ხელი უნდა შეუწყონ თავად ცენტრშემქმნელმა მთავარმა პარტიებმაც. ცალკე გასული ყველა პარტია გააკეთებს “ქართულო ოცნების” საქმეს. ასეთი შემთხვევა მინიმუმადე უნდა იყოს დაყვანილი.
5. რაც შეეხება ხატია დეკანოიძის გადაწყვეტილებას, ეს მისი პირადი არჩევანია და პატივს ვცემ მას. მასზე თავდასხმა ზოგიერთების მხრიდან იმის გამო, რომ მან დატოვა ნაციონალური მოძრაობა და კვლავ დაუბრუნდა მას, უსამართლოა. ნაციონალური მოძრაობა ბევრმა დატოვა, ბევრიც დაბრუნდა და ბევრიც მის გარეშეც ახერხებს წარმატებულ პოლიტიკურ საქმიანობას. ხატია დეკანოიძე ნაციონალურ მოძრაობაში დაბრუნდა უფრო ძლიერი. ამ სიძლიერის მთავარი ფაქტორი იყო მისი დამოუკიდებლობა, ე. წ. პარტიული “დისციპლინის” არტახებისგან განთავისუფლება, იმ დავიდარაბისაგან გარიდება, რაც ამ პარტიაში მოხდა და ბევრს დაუკარგა იქ ყოფნის სურვილი. სრულიად მიუღებელია იმის წამოძახება, რომ ხატია პარტიაში “სიის გამო” დაბრუნდა. მას არ ჰქონდა არავითარი პრობლემა პარლამენტში მოხვედრისა, რადგან იგი მოიაზრებოდა ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და მზარდი პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერად. თუ რამ განაპირობა მისი მოულოდნელი არჩევანი, მე ეს არ ვიცი. გადაწყვეტილება რომ მძიმე მისაღები იქნებოდა, ფაქტია.
ხატიას არაფერი აქვს წამოსაძახებელი. ის არის ნაციონალური მოძრაობის შენაძენი, ის დღეს სჭირდება ოპოზიციას და იმედია, ხვალ, საპარლამენტო კოალიციურ უმრავლესობას.
5. და ბოლოს, ჯერ კიდევ საკმაო ოპოზიციური რესურსია დარჩენილი, რომელიც არაა ჩაბმული აქტიურ საარჩევნო პროცესში. პოლიტიკური ცხოვრება მრავლი პლასტისგან შედგება, სადაც ინტერესთა შეჯახებაც პოლიტიკისათვის დამახასიათებელი ჯანსაღი მოვლენაა. აქ ბალანსის დაცვაა მთავარი. ვისაც ამ ხელისუფლების დამარცხების სურვილი ამოძრავებს, უნდა დაუდგეს გვერდში ამა თუ იმ ოპოზიციურ ბლოკს, სასურველია ზედმეტი ამბიციის გარეშე, ისევე როგორც ამ ბლოკებმაც უნდა გამოავლინონ მოქნილობა ( აქაც, ზედმეტი ამბიციების გარეშე) და მიაღწიონ კიდევ უფრო გამსხვილებას და მაშასადამე გაძლიერებას. ხატიას ნაბიჯს ამ კუთხითაც უნდა შევხედოთ.
ყველაფერი კარგად იქნება! " - წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.