„შესაძლოა მანქანის აალება გამოიწვიოს”- BMW ტექნიკური წუნის გამო 720 000-ზე მეტ ავტომობილს უკან გაიწვევს
კომპანია BMW 720 000-ზე მეტ ავტომობილს, წყლის ტუმბოს ელექტრო კოლექტორთან დაკავშირებული პრობლემების გამო, უკან გაიწვევს, რადგან აღნიშნულმა წუნმა, შესაძლოა, მანქანის აალება გამოიწვიოს. ინფორმაციას Abcnews-ი ავრცელებს.
აშშ-ის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებით, ავტომობილების უკან გაწვევა შეეხება X1, X3 და X5 მოდელის ზოგიერთ ავტომობილს, ასევე - ზოგიერთ სხვა მოდელს.
NHTSA ანგარიშის თანახმად, დაზიანებულ მანქანებს წყლის ტუმბოები აქვთ, რომლებსაც ჰერმეტულობის პრობლემა აქვთ და დროთა განმავლობაში, შესაძლოა, ელექტრულ კოლექტორში სითხემ შეაღწიოს. არსებობს მოკლე ჩართვის და, იშვიათ შემთხვევებში, ხანძრის გაჩენის საფრთხეც.
წყლის ტუმბოები და კოლექტორები შემოწმდება და საჭიროებისამებრ შეიცვლება. მოხსენებაში ნათქვამია, რომ მანქანებში დამონტაჟდება მოწყობილობა, რომელიც ტუმბოდან ჰაერის მიმღებში ნებისმიერი სითხის გაჟონვის შესაძლებლობას აღმოფხვრის.
ავტომობილის მფლობელები გაწვევის შესახებ შეტყობინებას, სავარაუდოდ, ოქტომბერში მიიღებენ. მათ დაევალებათ ავტომობილების გადაყვანა BMW-ს ავტორიზებულ სერვისცენტრში, სადაც შესაბამისი სარემონტო სამუშაოები უსასყიდლოდ ჩატარდება.