ის ძალიან, ძალიან ჭკვიანი ბიჭია - არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ტრამპი ილონ მასკს ადმინისტრაციაში თანამდებობას ან მრჩევლად მუშაობას შესთავაზებს
აშშ-ის ყოფლი პრეზიდენტი, რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მზად არის, ილონ მასკს თავის ადმინისტრაციაში თანამდებობა ან მრჩევლის როლი შესთავაზოს. ამის შესახებ ტრამპმა სააგენტო „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, შესთავაზებდა თუ არა ის ილონ მასკს როლს თავის ადმინისტრაციაში, დონალდ ტრამპმა უპასუხა: „შევთავაზებდი. ის ძალიან ჭკვიანია. წინა დღით მასთან შესანიშნავი საუბარი მქონდა და როგორც იცით, ის თითქმის ორ-ნახევარი საათი გაგრძელდა. შესაძლოა, თქვენც მოუსმინეთ, ის ძალიან, ძალიან ჭკვიანი ბიჭია. თუ სურვილი ექნება, ნამდვილად შევთავაზებ, ის ბრწყინვალე ბიჭია“.
მოგვიანებით ილონ მასკმა თავის სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მზად არის, ტრამპის ადმინისტრაციაში იმსახუროს.
ამავე ინტერვიუში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ განიხილავს ელექტრომობილების შეძენაზე საგადასახადო შეღავათების დაწესებას.
„ელექტრომანქანების დიდი თაყვანისმცემელი ვარ, თუმცა ეს უნდა იყოს უფრო პატარა, ბევრად პატარა ბაზარი. ისინი საკმარისად შორს ვერ დადიან და ძალიან ძვირია“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.