საბერძნეთის, ესპანეთისა და პორტუგალიის შემდეგ, ხანძარი საფრანგეთს უტევს
საბერძნეთის, ესპანეთისა და პორტუგალიის შემდეგ, ხანძარმა უდიდესი ზარალი საფრანგეთს მიაყენა. საფრანგეთის ზღვისპირა ქალაქ კანე-ან-რუსიონში, ძლიერი ხანძრის გამო, ათასობით ადამიანი იძულებული გახდა, საცხოვრებელი დაეტოვებინა. სტიქიის ზონაში 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი მეხანძრე-მაშველია. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, მანქანები და ბიზნეს ობიექტები.
საფრანგეთის სამხრეთით, ტყის ხანძარს ასობით მეხანძრე ებრძვის. ცეცხლი ტყის ტერიტორიაზე გაჩნდა და, ძლიერი ქარის გამო, სწრაფად გავრცელდა. სტიქიის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება უკვე დაწყებულია.
სტიქიას ებრძვის თურქეთიც. ცეცხლის კერები ვრცელდება იზმირსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე. ხანძართან ბრძოლაში 300-მდე მეხანძრე-მაშველი, ათობით ვერტმფრენი და სახანძრო ტექნიკაა ჩართული. ქვეყანაში, ამ დროისთვის, ცეცხლის 5 კერაა დარჩენილი. თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ცნობით, გასულ კვირაში, ქვეყნის მასშტაბით, 130-ზე მეტ ადგილას გაჩნდა ცეცხლი.
მაღალ ტემპერატურასა და ხანძართან უწევს გამკლავება ესპანეთსაც. ძლიერი საფრთხის გამო, საჭირო გახდა ხალხის უსაფრთხო ზონებში გადაყვანა. მეხანძრე-მაშველები სტიქიას, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ზამორასა და ტრაბაზოს ტერიტორიებზე ებრძვიან, სადაც 200 ჰექტარ ტერიტორიაზე მეტია დამწვარი.
სინოპტიკოსების აზრით, მაღალი ტემპერატურა ევროპაში კიდევ რამდენიმე კვირა გაგრძელდება. ადგილობრივი ხელისუფლებები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.