თეგებით ძიება
21. 08. 2024 მსოფლიო

კამალა ჰარისი აშშ-ის „დემოკრატიული“ პარტიის პრეზიდენტობის ოფიციალური კანდიდატია

კამალა ჰარისი აშშ-ის „დემოკრატიული“ პარტიის პრეზიდენტობის ოფიციალური კანდიდატი გახდა. ეს პარტიის ყრილობაზე გახდა ცნობილი, რომელიც უკვე მეორე დღეა ჩიკაგოში მიმდინარეობს.

59 წლის ჰარისმა ყრილობის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ პარტიის დელეგატებმა მხარი დაუჭირეს მას და მისი კამპანიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატ ტიმ უოლცს.

„ყველას მადლობას ვუხდი მხარდაჭერისა და იმ ნდობისთვის, თუ რისი გაკეთებაც შეგვიძლია ერთად. ჩვენთვის დიდი პატივია, ვიყოთ თქვენი კანდიდატები. ეს ხალხის ძალით მართული კამპანიაა და ჩვენ ერთად დავსახავთ ახალ გზას. ვიცით, რომ ეს ბოლომდე დაძაბული „რბოლა“ იქნება. წინ მძიმე სამუშაო გველის, თუმცა ჩვენ გვიყვარს შრომა“, - განაცხადა ჰარისმა.

ჰარისმა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის „მუშაობა დადებითად შეაფასა“ და მას საჯაროდ მადლობა გადაუხადა.  სიტყვით გამოსვლისას კამალა ჰარისმა ასევე სხვადასხვა თემა მიმოიხილა, მათ შორის, დონალდ ტრამპის მიერ აბორტის აკრძალვის საკითხი.

როგორც ჰარისმა განაცხადა, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ის „ამაყად“ მოაწერს ხელს კანონპროექტს Roe v Wade-ის [1973 წელს, აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „Roe v Wade“, რომლის თანახმად, ქალებს მიენიჭათ აბორტის აბსოლუტური უფლება ორსულობის პირველი 3 თვის განმავლობაში, ხოლო შეზღუდული უფლება - ორსულობის მეორე ტრიმესტრში] აღდგენის შესახებ. როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს, 2022 წელს, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ Roe v Wade გააუქმა.

ყრილობაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მისი მეუღლე მიშელ ობამა. ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ აშშ „ჰარისის პრეზიდენტობისთვის მზად არის“, ყოფილმა პირველმა ლედიმ კი განაცხადა, რომ „იმედი ბრუნდება“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა