„ჯივიპი“ დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემას აახლებს
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 2024 წლის საინვესტიციო გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი - დემეტრე თავდადებულის ქუჩის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო. ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.
„ჯივიპი“ პროექტში ერთ მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს და რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად განაახლებს 230 მეტრი სიგრძის წყალსადენისა და 550 მეტრი სიგრძის წყალარინების მაგისტრალურ ქსელებს. ასევე, განახლებულ ქსელზე 5 ერთეული საკვანძო ჭა მოეწყობა.
„Aqualia-ს სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მიზანი კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ქსელების იდენტიფიცირება და პრიორიტეტიზაციაა. სწორედ ამ გეგმის ფარგლებში განისაზღვრა და დაიგეგმა დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩის წყალსადენისა და წყალარინების მოძველებული ქსელების განახლება. პროექტის ფარგლებში შეიცვლება ერთ კილომეტრამდე სიგრძის ამორტიზებული ქსელი. ამ ეტაპზე მილის მოსაწყობად საექსკავაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის შედეგად დიდ დიღომში მომხმარებლების იმ ნაწილს, რომელიც აღნიშნული წყალმომარაგების ქსელით მარაგდება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება მომსახურება - თემურ წითლიძე, ვაკე-საბურთალოს რაიონის საოპერაციო ცენტრის მენეჯერი. დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო პროექტი 15 აგვისტოს დაიწყო და ოქტომბერში დასრულდება.
წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განახლება და განვითარება „ჯივიპის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია ყოველწლიურად, გეგმის მიხედვით, აქტიურად რეჟიმში განახორციელებს“, - აღნიშნულია კომპანიის ინფორმაციაში.