მათთვის, ვინც ბილეთის გარეშე დარჩა, რესპუბლიკის მოედანზე, საქართველო-ჩეხეთის მატჩის ღია ჩვენებას გავმართავთ - კახა კალაძე
„კარგად მესმის გულისტკივილი, რაც საქართველო-ჩეხეთის მატჩზე უბილეთოდ დარჩენილ მოქალაქეებს გაუჩნდათ“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, 7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სტადიონზე დაგეგმილი საქართველო-ჩეხეთის მატჩის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია.
„როგორც იცით, უეფა-ს ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 7 სექტემბერს, 20:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან დიდია ქართველი გულშემატკივრის ინტერესი აღნიშნული თამაშის მიმართ, რასაც ადასტურებს უმოკლეს პერიოდში გაყიდული ყველა ბილეთი. საქართველოს ნაკრებმა ბოლო პერიოდში უმნიშვნელოვანეს წარმატებებს მიაღწია, რაც რასაკვირველია, არ არის შემთხვევითი. ეს არის თითოეული ფეხბურთელის, სამწვრთნელო გუნდის, ფეხბურთის ფედერაციის უდიდესი შრომისა და იმ ძალისხმევის შედეგი, რაც საქართველოს ხელისუფლებამ სპორტის განვითარების კუთხით გასწია.
ასევე, არ შემიძლია არ გამოვყო ჩვენი ქომაგების, ფეხბურთის გულშემატკივრების როლი, რომელთა მხარდაჭერა უდიდეს ენერგიას მატებს ფეხბურთელებს. ჩვენ ვნახეთ ქართველი გულშემატკივრებით სავსე ტრიბუნები, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე. მადლობა მათ ამისთვის, რომ ჩვენს ფეხბურთელებს სტადიონზე საოცარი ატმოსფერო შეუქმნეს. შესაბამისად, კარგად მესმის გულისტკივილი, რაც საქართველო-ჩეხეთის მატჩზე უბილეთოდ დარჩენილ მოქალაქეებს გაუჩნდათ“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისი თქმით, 7 სექტემბერს, რესპუბლიკის მოედანზე საფეხბურთო მატჩის ღია ჩვენება მოეწყობა.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გულშემატკივრის ქომაგობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ბიჭებისთვის. ამიტომ, ყველანი ვისურვებდით, რაც შეიძლება მეტი მაყურებელი დასწრებოდა მატჩს. მათთვის, ვინც ბილეთის გარეშე დარჩა, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება და რესპუბლიკის მოედანზე, 19:00 საათზე ღია ჩვენებას გავმართავთ. ყველანაირი პირობა იქნება შექმნილი საგულშემატკივროდ. ადგილზე დამონტაჟდება ძალიან დიდი ეკრანები, განთავსდება კვების ობიექტები. წარმატებები მინდა ვუსურვო ჩვენს ეროვნულ ნაკრებს. დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთხელ გაახარებენ ქართველ გულშემატკივარს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.