თეგებით ძიება

ნათია მეზვრიშვილი პროკურატურაში დაიბარეს

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი ნათია მეზვრიშვილი მის მიერ პროკურატურაში შალვა პაპუაშვილზე შეტანილი განცხადების თაობაზე უწყებაში დაიბარეს.

როგორც მეზვრიშვილი ამბობს, პროკურატურას განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ ძალადობისკენ მოწოდებებზე მიმართა:

„პროკურატურის როლი მნიშვნელოვანია ძალადობის აღკვეთაში და ძალადობისგან თავისუფალი წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაში. ვიმედოვნებ, გამოძიება დაწყებული დამხვდება და სათანადო რეაგირება ერთი თვის დაგვიანებით მაინც განხორციელდება, რომ შემდგომი ძალადობის პრევენცია მოხდეს,“ — აცხადებს მეზვრიშვილი.

გენერალური პროკურორის სახელზე გაგზავნილ განცხადებაში მეზვრიშვილი შალვა პაპუაშვილის ორ, 26 ივლისისა და 11 ივნისის განცხადებებზე მიუთითებდა.

კერძოდ, 2024 წლის 26 ივლისს პარლამენტის თავმჯდომარემ გამართა ბრიფინგი, სადაც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „არჩევნების მოახლოებასთან ერთად დადგა მომენტი, როცა [ოპოზიციას] მოუწევთ მოსწყდნენ საკუთარ ფეისბუკ გვერდებს, გამოვიდნენ საკუთარი ტელევიზიების სტუდიებიდან და ხალხს დაელაპარაკონ […] რომელ სოფელშიც და უბანშიც არ უნდა მივიდნენ, განა გასაკვირია, რომ მათ პასუხს მოსთხოვენ […]”.

მეზვრიშვილი აღნიშნავს, რომ მოგვიანებით ამგვარი შინაარსის განცხადებები „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ირაკლი ზარქუამ და ირაკლი ქადაგიშვილმაც გაიმეორეს და აცხადებს, რომ პაპუაშვილი ამ გამოსვლით ოპოზიციას წინასაარჩევნო პერიოდისას არაფორმალური „ზონდერ დაჯგუფებებით“ დაემუქრა.

„პასუხის მოთხოვნა და „სხვანაირად დახვედრა“ რომ ძალადობისკენ საჯარო მოწოდებაა და არსებობს მუქარის რეალიზების აშკარა, პირდაპირი და არსებითი საფრთხე, ამაზე ნათლად მიუთითებს ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ზონდერ-დაჯგუფებების მეშვეობით გასული თვეების განმავლობაში განხორციელებული არაერთი ძალადობა,“ — აღნიშნავს ნათია მეზვრიშვილი.

მისი თქმით, ძალადობის ამ ფაქტების დღემდე გამოუძიებლობა და ძალადობრივი ჯგუფებისთვის ამნისტიის დაანონსება, დაუსჯელობის გარანტიას უქმნის მოძალადეებს და კიდევ უფრო მეტ რეალურობას ჰმატებს ძალადობისკენ შალვა პაპუაშვილის მოწოდებას.

ამასთან, პროკურატურისთვის გაგზავნილ განცხადებაში მეზვრიშვილი შალვა პაპუაშვილის კიდევ ერთ, ამჯერად 11 ივნისს გავრცელებულ განცხადებაზე მიუთითებს, რომელშიც პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლები პერსონალურად, პარლამენტის წევრების მიმართ მუქარაში, შეურაცხყოფაში, ორგანიზებულ და პოლიტიკურად მოტივირებულ ტერორში დაადანაშაულა.

მეზვრიშვილი აღნიშნავს, რომ სხვა პირებთან ერთად განცხადებაში პაპუაშვილი აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილსაც მოიხსენიებდა, რომელსაც პოსტის გამოქვეყნებიდან დაახლოებით 1 საათში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მეზვრიშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის აღნიშნული განცხადებები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.

შალვა პაპუაშვილი გაჟღერებულ ბრალდებებს 30 ივლისს გამოეხმაურა და „ფანტაზიები“ უწოდა:

„როდესაც ვთქვი, რომ მათ პასუხს მოსთხოვენ იმ ყველაფრისთვის, საითაც ისინი სახელმწიფოს მოუწოდებენ. პასუხს მოსთხოვენ პოლიტიკურად. აქ ჩანს მათი დაშინება – მათ უნდათ მოსახლეობა დააშინონ, რომ კრიტიკული კითხვები არ დაუსვან.

როდესაც ვინმე კრიტიკულ კითხვას დასვამს, მონათლავენ როგორც ძალადობას. იციან, რომ მოსახლეობას კითხვები ექნება მათ მიმართ. იმისთვის, რომ ეს კითხვები არ დაისვას, დააცენზურონ და გააჩუმონ კრიტიკოსები, მიმართავენ დაშინების მეთოდს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა