ვხედავთ, რა მასშტაბის შეტევა მიდის ქართულ ეკლესიაზე, ჩვენს ტრადიციებზე, ყველა იმ ფასეულობაზე, რომელიც ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტია - კახა კალაძე
“ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საქართველოს მოსახლეობასა და პარტიის მხარდამჭერებს მცხეთაში გამართულ შეხვედრაზე სიტყვით მიმართა. მისი განცხადებით, საზოგადოება ხედავს, რა მასშტაბის შეტევა მიდის ქართულ ეკლესიაზე, ტრადიციებზე, ყველა იმ ფასეულობაზე, რომელიც ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტია.
“ამ წმინდა ადგილთან ასოცირდება ქართული ქრისტიანული კულტურა. მცხეთა-მთიანეთის მხარეშია აღმართული ჩვენი ყველაზე დიდი სალოცავები. აქ არის დაბრძანებული უფლის კვართი, როგორც სიმბოლო ქრისტიანობასთან ქართველი ერის მარადიული კავშირისა. დიახ, ქრისტიანული კულტურა და ქართული ცნობიერება განუყოფელია, რადგან სწორედ ქრისტიანობა გახდა ის ფუნდამენტი, რამაც ქართველი ერი გააერთიანა და საფუძველი ჩაუყარა ერთიანი, მძლავრი ქართული სახელწიფოს შექმნას. ამიტომაც არის, რომ ქართველისთვის სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მართლმადიდებლობის დაცვასთან არის გაიგივებული.
ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება. ჩვენ ვხედავთ, რა მასშტაბის შეტევა მიდის ქართულ ეკლესიაზე, ჩვენს ტრადიციებზე, ყველა იმ ფასეულობაზე, რაც ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტია.
ფსევდოლიბერალიზმით შენიღბული ფაშიზმი ცდილობს გაანადგუროს მთავარი ღირებულებები - რწმენა, ოჯახი, სამშობლო.
მეგობრებო, შემთხვევითი არაა, რომ “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო შეხვედრებს მცხეთიდან ვიწყებთ. სწორედ აქედან ვაძლევთ საქართველოს მოსახლეობას მთავარ პირობას- ძლიერი მართლმადიდებლური ეკლესიით, ძლიერი ოჯახის ინსტიტუტით, ქართული კულტურისა და ჩვენი ტრადიციების დაცვით, მშვიდობიანი განვითარებით გავაგრძელებთ გზას მომავლისკენ, რათა გავამთლიანოთ და გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა და ღირსეული ადგილი დავიმკვიდროთ ერთიან ევროპულ ოჯახში,”- აღნიშნა კახა კალაძემ.