სახელმწიფოებრიობა და ქრისტიანობა არის დღესაც ის ორი ფასეულობა, რომლის დასაცავად არცერთი ნაბიჯით უკან არ შეიძლება დავიხიოთ და არც დავიხევთ - ირაკლი კობახიძე
რეგიონულ საარჩევნო შეხვედრებს ვიწყებთ მცხეთაში, გაერთიანებული საქართველოს პირველ დედაქალაქში, ქალაქში, სადაც საქართველო ქრისტიანულ სახელმწიფოდ გამოცხადდა, - ამის შესახებ მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, მცხეთაში, "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი განცხადებით, სახელმწიფოებრიობა და ქრისტიანობა არის ის ორი უმთავრესი ღირებულება, რომლისთვისაც ქართველ ხალხს თავგანწირული ბრძოლა არასდროს შეუწყვეტია და რომლის დასაცავად, დღესაც არც ერთი ნაბიჯით არ უნდა დავიხიოთ უკან.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ქართველი ხალხი, არჩევანს ყოველთვის მშვიდობის, თავისუფლების, დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის სასარგებლოდ აკეთებდა, შესაბამისად, 2012 წლიდან დღემდე, "ქართულმა ოცნებამ" 8 არჩევნებში გაიმარჯვა.
"სახელმწიფოებრიობა და ქრისტიანობა არის ორი უმთავრესი ღირებულება, რომლისთვისაც ქართველ ხალხს თავგანწირული ბრძოლა არასოდეს შეუწყვეტია. სახელმწიფოებრიობა და ქრისტიანობა არის დღესაც ის ორი ფასეულობა, რომლის დასაცავად არცერთი ნაბიჯით უკან არ შეიძლება დავიხიოთ და არც დავიხევთ.
"ქართულმა ოცნებამ" 2012 წლიდან დღემდე 8 არჩევნებში გაიმარჯვა. ყოველი არჩევნები იყო უკიდურესად პრინციპული ჩვენი ქვეყნისთვის. ყოველ არჩევნებზე წყდებოდა მშვიდობის, თავისუფლების, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, დემოკრატიისა და ეკონომიკური წინსვლის ბედი. საბედნიეროდ, ქართველი ხალხი არჩევანს ყოველთვის მშვიდობის, თავისუფლების, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, დემოკრატიისა და ეკონომიკური წინსვლის სასარგებლოდ აკეთებდა," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.