ვინ არის 15 წლის გოგოს მიერ მოკლული ტაქსისტი და რა მოხდა წუხელ ხაშურში
შიდა ქართლში, ხაშურის მუნიციპალიტეტში, 74 წლის ზურაბ ლაშხი მკვლელობის ფაქტზე დაკავებული სკოლის მოსწავლე ჩადენილ მკვლელობას აღიარებს.
მოზარდის თქმით, მამაკაცმა მისი გაუპატიურება სცადა და თავდაცვის დროს მოხდა მკვლელობა.
"დაკავებულმა ფაქტობრივად გააცნობიერა მომხდარი. ტაქსისტს არ იცნობდა, იმ დღეს შეხვდნენ ერთმანეთს, ამიტომ ის, რომ წინანდელი წყენა ან რაიმე არსებობდა, არ ყოფილა. ეს იყო შემთხვევით მომხდარი დანაშაული. ბავშვიც ამბობს და კითხვის ნიშნებს ბადებს, რა უნდოდათ იქ, იმ ადგილას.
15 წლის გოგოსაც რომ ეთქვა დავუშვათ, რომ იქ წამოიყვანეო, მოწიფული მამაკაცი რომ ხარ და ბავშვი გიზის მანქანაში, ხომ უნდა ჰკითხო, რატომ მიდის იმ ადგილას", - ამბობს "პირველებთან" საუბარში ადვოკატი.
შემთხვევა გუშინ ღამე, ხაშურსა და სურამს შორის არსებული მინის ქარხნის დასახლების მიმდებარედ მოხდა. ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცი "ტაქსის“ მძღოლად მუშაობდა.
მომხდარის სავარაუდო მიზეზად რამდენიმე ვერსია სახელდება. მათ შორის, ერთ-ერთი ვერსიით, ადგილი ჰქონდა გოგონაზე ძალადობის მცდელობას, თუმცა მოკლულის ახლობლები მოზარდზე ძალადობის ან რაიმე სახის შესაძლო ზეწოლას გამორიცხავენ.
ასევე, კიდევ ერთი არაოფიციალური ვერსიით, დანაშაულის მოტივაცია შესაძლოა, ძარცვა ყოფილიყო. რაც შეეხება დაკავებულ არასრულწლოვან გოგონას, არსებული ინფორმაციით, ის სურამში დასასვენებლად იმყოფებოდა.
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2009 წელს დაბადებული გ. ყ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ხაშურის მუნიციპალიტეტში, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა 1950 წელს დაბადებულ ზ.ლ.- ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გ.ყ. ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.