საქართველოში მშვიდობის ნომერ პირველი გარანტი არის ივანიშვილი. აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს მიმართ შეიძლება არსებობდეს საფრთხეები, ეს არის ბიძინა ივანიშვილი - პრემიერი
აკვარიუმში კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ზის, ეს არის მათი ხვედრი და ბედი, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნების“ მცხეთაში გამართულ ღონისძიებაზე, პარტიის საპატიო თავმჯდომარის ტრიბუნა ტყვიაგაუმტარ მინებში იყო მოთავსებული.
„ტყვიაგაუმტარ შუშას რაც შეეხება, იცით რაც ხდება მსოფლიოში. ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატი არ არის დაცული, ვნახეთ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით რაც მოხდა. ასევე, იცით კონკრეტული მუქარის თაობაზე, რომელიც გაჟღერდა ერთ-ერთი ევროკომისრის პირით. პირდაპირი მუქარა იყო ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ევროკომისარს პირდაპირ ამ ყველაფერი არ ვადანაშაულებ, მაგრამ ის ერთგვარ „მესენჯერად“ გამოიყენეს ჩვენს მიმართ.
მსოფლიოში, სადაც ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატი არ არის დაცული, რა თქმა უნდა, საქართველოში რისკები კიდევ უფრო მეტია. რაც შეეხება ოპოზიციას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, მათთვის ადამიანის სიცოცხლე არაფერს ნიშნავს, მარტო ციხეებში კლავდნენ 100-ზე მეტ ადამიანს ყოველწლიურად, 100-ზე მეტი ახალგაზრდა დახვრიტეს ქუჩაში. აქედან გამომდინარე მათგან არაფერია გამორიცხული.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ გამოვდიოდით ჩვენ ასეთი დაცული ფორმით შეკრებაზე, ამას მარტივი ახსნა აქვს - საქართველოში მშვიდობისა და განვითარების ნომერ პირველი გარანტი არის ბიძინა ივანიშვილი, აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს მიმართ შეიძლება არსებობდეს საფრთხეები და რისკები, ეს არის ბიძინა ივანიშვილი“, - განაცხადა კობახიძემ.