მაღალი ალბათობით, 2 სუბიექტი შევა შემდეგ პარლამენტში, ეს იქნება „ქართული ოცნება“ და ერთ-ერთი ოპოზიციური გაერთიანება - პრემიერი
„სწორედ მომდევნო მოწვევის პარლამენტის პირობებში უნდა გასამართლდეს „ნაცმოძრაობა“ თავისი სატელიტებით, მემკვიდრე პარტიებით. ვინც არ უნდა გადალახოს ბარიერი, გასამართლებას ვერავინ აიცილებს იმ დანაშაულებისთვის, რომელიც მათ ჩაიდინეს, – ამის შესახებ პრემიერმა,ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციურ გაერთიანებებზე საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 2 სუბიექტი იქნება წარმოდგენილი მომდევნო მოწვევის პარლამენტში, კერძოდ, „ქართული ოცნება“ და ერთ-ერთი ოპოზიციური გაერთიანება.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ოცდაათივე დელეგატი „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში, ე.წ. გამსვლელ ადგილებზე იქნება წარმოდგენილი.
„2 თვის წინ, სოციოლოგიური კვლევით 10% ჰქონდა „ნაცმოძრაობას“. არცერთ პოლიტიკურ პარტიას, „ნაცმოძრაობის“ გარდა, არ ჰქონდა 5%-იანი ბარიერის გადალახვის რესურსი. ამას უკავშირდება ის გაერთიანების მცდელობები, რასაც ვხედავთ. საბოლოოდ, მგონია, რომ მაღალი ალბათობით, მაინც 2 სუბიექტი შევა შემდეგ პარლამენტში. ეს იქნება „ქართული ოცნება“ და ერთ-ერთი ოპოზიციური გაერთიანება.
დანარჩენს საზოგადოება გადაწყვეტს, როგორ გაგრძელდეს პოლიტიკური პროცესები. ჩემთვის ეს არ არის საინტერესო, სწორედ მომდევნო მოწვევის პირობებში უნდა გასამართლდეს „ნაცმოძრაობა“თავისი სატელიტებით, მემკვიდრე პარტიებით. ვინც არ უნდა გადალახოს ბარიერი, გასამართლებას ვერავინ აიცილებს იმ დანაშაულებისთვის, რომელიც მათ ჩაიდინეს ჯერ მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და შემდეგ 12 წლის განმავლობაში, როდესაც ოპოზიციაში იყვნენ“, – აღნიშნა კობახიძემ.