"ქართული ოცნება" საერთოდ არ აპირებს დასავლეთისკენ სიარულს და სურს დიქტატური დამყარება" - ლაშა ბაქრაძე
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ლაშა ბაქრაძის აზრით, ივანიშვილის გუნდს დიქტატურისა და ძალადობრივი სისტემის დამყარება სურს.
"ქართულმა ოცნებამ" ქვეყნისათვის ძალიან დიდი ზიანი უკვე მოიტანა, მან ფაქტობრივად, ჩახერგა გზა ევროკავშირისკენ და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ და "ქართულ ოცნებასთან" ერთად ამ გზაზე სიარული უკვე შეუძლებელია. ამავე დროს, "ქართულ ოცნებას" ძალიან კარგად ესმის, რომ ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ევროატლანტიკური არჩევანი აქვს გაკეთებული და, აქედან გამომდინარე, რიტორიკის დონეზე ჯერ კიდევ ახსენებენ ევროპის კავშირს, მაგრამ იგივე პოლიტსაბჭოს განცხადებიდან და შემდგომ უკვე მცხეთაში გაჟღერებული გზავნილებიდან ძალიან კარგად ჩანს, რომ "ქართული ოცნება" საერთოდ არ აპირებს დასავლეთისკენ სიარულს და სურს დიქტატურის, ძალადობრივი სისტემის დამყარება. მაგალითად, აცხადებენ, რომ თურმე, შესაძლებელი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და კონსტიტუციური უმრავლესობა სჭირდებათ, მაგრამ რას გულისხმობენ თავად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში, ძალიან ბუნდოვანია. თუ საუბარია ტერიტორიული მოწყობის შეცვლაზე, ალბათ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი ფიქრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებთან კონფედერაციაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, აღიარებენ ე.წ. ხელისუფლებას, რომლებიც ამ რეგიონებშია, ეს კი იქნება ძალიან დიდი დარტყმა ქართულ სახელმწიფოებრიობაზე", - აცხადებს "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლაშა ბაქრაძე გამოცემა Politico-ში გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით.