ვოლგოგრადის ოლქში პატიმრებმა ციხის თანამშრომლები მძევლად აიყვანეს - რუსული მედია
რამდენიმე პატიმარმა რუსეთში ვოლგოგრადის ოლქში მდებარე N19 მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ბუნტი მოაწყო და პენიტენციური დაწესებულების რამდენიმე თანამშრომელი მძევლად აიყვანა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მსჯავრდებულებმა მძევლები მაშინ აიყვანეს, როცა ციხეში დისციპლინარული კომისიის სხდომა მიმდინარეობდა. ციხის ერთ-ერთი თანამშრომელი მოკლულია, ხოლო რამდენიმე კი დაჭრილი. ადგილზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი.
მკაცრი რეჟიმის კოლონია N19 ვოლგოგრადის ოლქის ქალაქ სუროვიკინოში მდებარეობს. ის 1 200-ზე მეტ პატიმარზეა გათვლილი.