თეგებით ძიება

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები საერთაშორისო ინიციატივის - „Wilder Park” წევრად განიხილება

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები საერთაშორისო ინიციატივის - „Wilder Park” წევრად განიხილება. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

„Wilder Park” არის ახალი ინიციატივა, რომელიც შეიქმნა ევროპის დაცული ტერიტორიების უმსხვილესი ქსელის - ევროპარკების ფედერაციის და საერთაშორისო ორგანიზაცია „Rewilding Europe“ პარტნიორობის საფუძველზე. „Wilder Park“ ორიენტირებულია ევროპარკების ქსელში გაერთიანებული დაცული ტერიტორიების მხარდაჭერაზე, ველური ბუნების აღდგენა, დაცვასა და განვითარებაზე. დაცული ტერიტორიების სააგენტო ევროპარკების ფედერაციის წევრი 2018 წლიდანაა.

„Wilder Park” მასში გაწევრიანებულ ევროპულ ქვეყნებს, როგორიცაა გერმანია, ესპანეთი, იტალია, რუმინეთი, ბულგარეთი და სხვა, სთავაზობს ბუნების კონსერვაციის პროგრესულ მიდგომას, რომლის მიხედვით ბიომრავალფეროვნებით მდიდარი ლანდშაფტების დაცვაში მთავარ როლს ბუნებრივი პროცესები თამაშობენ.

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხების განხილვის მიზნით, საქართველოს ორგანიზაცია „Rewilding Europe“-ის აღმასრულებელი დირექტორი ფრენს შეპერსი, ევროპარკების ფედერაციის წარმომადგენელი ბარბარა პაისი და ესპანეთში დაცული ტერიტორიებისა და ნაკრძალის მართვის ექსპერტი ჯორდი პალაუ ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ კუსიდთან და თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილთან. შეხვედრის ფარგლებში, სააგენტოს მხრიდან მოხდა ექსპერტებისთვის ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდება ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შესახებ. შეხვედრის შემდეგ განხორციელდა ვიზიტი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, სადაც ექსპერტები ადგილზე გაეცნენ და შეაფასეს „Wilder Park”-ის ინიციატივაში გაერთიანების პოტენციალი.

აღსანიშნავია, რომ ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები გამორჩეულია უნიკალური ნახევრადუდაბნო ლანდშაფტებით და მდიდარი ბიომრავალფეროვნებით, რომელიც რეგიონისთვის მნიშვნელოვან საკონსერვაციო არეალს წარმოადგენს, რომლის შედეგად, ვაშლოვანის ეროვნული პარკი, 2015 წლიდან, საქართველოში, ევროპული დიპლომის მფლობელი ერთადერთი დაცული ტერიტორიაა. 2013 წლიდან, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე წარმატებით მიმდინარეობს ქურციკების რეინტროდუქციის პროექტი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა