გერმანიის მიერ უკრაინისათვის დახმარების შესაძლო შემცირება ძალიან შემაშფოთებელია - ბორელი
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ გერმანიის მიერ უკრაინისათვის დახმარების შესაძლო შემცირება ძალიან შემაშფოთებელია. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde-ი ავრცელებს.
„აბსოლუტური თვალსაზრისით, გერმანია ბევრს აკეთებს, რათა დაეხმაროს უკრაინას გაუმკლავდეს რუსეთის შემოჭრას. ამიტომ, ბერლინის მხრიდან კიევისთვის დახმარების სამომავლო შემცირება დიდ შეშფოთებას იწვევს, ეს ცუდი ამბავია“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ გერმანიის ფინანსთა მინისტრი, კრისტიან ლინდნერი ამიერიდან უარს იტყვის უკრაინის დახმარების თხოვნაზე, თუ ამ მხარდაჭერის დასაფინანსებლად თანხა არ მოიძებნება.