თეგებით ძიება

უვადოს ვითხოვდი და ვითხოვ. ეს საქმე ასე არ დამთავრდება – ქმრის მიერ მოკლული გოგოს დედა განაჩენით უკმაყოფილოა

მიმდინარე წლის 9 იანვარს, ვარკეთილში, მეუღლის მკვლელობისთვის ბრალდებულ გიორგი კავლელაშვილი დღეს სასამართლომ მკვლელობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო და 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა. კავლელიშვილის თავის მართლება არ უცდია, თუმცა თქვა, რომ საღ გონებაზე დანაშაული არ ჩაუდენია. 

ჩემ მეუღლეს წავართვი სიცოცხლის უფლება, ჩემი შვილის დედას წავართვი სიცოცხლის უფლება, ჩემ შვილს წავართვი დედის ყოლის, დედის სიყვარულის უფლება, რაც ძნელია. თავს არანაირად არ ვიმართლებ, არც თავის არიდებას ვითხოვ, უბრალოდ მინდა იცოდეთ, რომ საღ გონებაზე ამის გამკეთებელი არ ვიყავი. ეს არის ჩემი საბოლოო სიტყვა, დანარჩენი თავად გადაწყვიტეთ. რაც პროკურორმა ისაუბრა, მოგონილი ამბებია უბრალოდ. განაჩენს სანამ გამოიტანთ, მინდა იცოდეთ თქვენც და ყველამ, რომ საღ გონებაზე ამის გამკეთებელი არ ვიყავი”, - განაცხადა გიორგი კავლელაშვილმა - ასეთი იყო გიორგი კავლელიშვილის ბოლო სიტყვა სასამართლო დარბაზში.

ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულ კაცს სასამართლომ ოცწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

კავლელაშვილი სასამართლომ დანაშაულის გენდერის ნიშნით ჩადენის ნაწილში გაამართლა, თუმცა მკვლელობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.

მოკლულის დედამ განაჩენის გამოცხადების შემდეგ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

„20 წლის მერე ვინ მომიყვანს ჩემს შვილს? 20 წლის მერე ეს [მსჯავრდებული] გამოვა და მზეს დაინახავს. უვადოს ვითხოვდი და ვითხოვ, ბრძოლას გავაგრძელებ. ჩემი შვილი 6 წლის უნახავი მყავდა, აწი ვეღარ ვნახავ. რატომ მომიკლა შვილი, მიზეზი მითხრას”, – განაცხადა მოკლული ქალის დედამ.

იგივე პოზიცია აქვს საქმის პროკურორს, რომელიც დღევანდელი განაჩენის სააპელაციო სასამართლოში წაღებას გეგმავს. ბრალდების მხარე დაზარალებულთან ერთად ცდილობს დაამტკიცოს, რომ მკვლელობა გენდერული ნიშნით არის ჩადენილი.

ვარკეთილი სამის მეორე მიკრორაიონში მკვლელობა იანვარში მოხდა. 30 წლის გიორგი კავლელაშვილმა მეუღლეს, 27 წლის ქეთევან ედიბერიძეს დანით მრავლობითი ჭრილობები მძინარეს მიაყენა, ამის შემდეგ კი თავადაც მიიყენა დაზიანებები. დაჭრილი ქალი ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

წყვილს 4 თვის ახალშობილი დარჩა. 

გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 19- 109-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.  დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა