„ბედნიერებაა, რომ ამ ადამიანს ვიცნობდი, იყო ჩვენი ეკლესიის წევრი და მასთან ერთად ყოფნა მოგვიწია“ – მამა შალვა კეკელია მამა თეიმურაზ ქორიძეზე
მამა თეიმურაზმა ამ პატარა ასაკში შეძლო ის, რომ ყველას, მთელ ქვეყანას თავი შეაყვარა - მამა შალვა კეკელია მამა თეიმურაზ ქორიძეს ემოციურად იხსენებს.
„მთელი ერისთვის დიდი ტრაგედიაა ასეთი ახალგაზრდა, საოცარი მოძღვრის გარდაცვალება. ღმერთმა ალბათ 10 თვის წინ დააბრუნა ამ ქვეყანაზე რომ ის სიტყვები, რომლებიც ბოლოს თქვა, ეთქვა ჩვენთვის. დიდი ხანია ის ქადაგებდა სიყვარულზე, სიხარულზე, ბედნიერებაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ერთმანეთის გაფრთხილებას ქადაგებდა ძალიან ხშირად. როგორ უნდა გავუფრთხილდეთ ადამიანები ერთმანეთს და რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ ადამიანი უფრთხილდებოდეს ყველა წუთს და ყველა წამს. მამა თეიმურაზს ეს მთელი არსებით ჰქონდა. ჩვენთან სწავლობდა სემინარიაში, იქაც გამორჩეული იყო, მისი სტუდენტობა, დამოკიდებულება ლექტორებთან, სტუდენტებთან. ყოველთვის გამოარჩევდი. ის იყო სიყვარულის მოძღვარი, უდიდესი სიყვარული დათესა, ბედნიერებაა, რომ ამ ადამიანს ვიცნობდი, იყო ჩვენი ეკლესიის წევრი და მასთან ერთად ყოფნა მოგვიწია. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წელი იცხოვრებ ამ ქვეყანაზე, მთავარია როგორ იცხოვრებ. მამა თეიმურაზმა ამ პატარა ასაკში შეძლო ის, რომ ყველას, მთელ ქვეყანას თავი შეაყვარა და გვასწავლა რა არის მოძღვრობა, როგორი უნდა იყოს მოძღვარი, როგორ უნდა ვმსახურობდეთ და როგორ უნდა გვიყვარდეს ადამიანები,“ – აღნიშნა მამა შალვამ.