თეგებით ძიება

25 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის დაბადების დღეა

დღეს, 25 აგვისტოს, საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის დაბადების დღეა. ის საბჭოთა რუსეთის ჯარებთან ბრძოლას შეეწირა.

1921 წელს, წითელი არმიის შემოჭრის დღეებში, 19 წლის სტუდენტი მარო მაყაშვილი ფრონტზე მოხალისედ წავიდა. ის წითელ ჯვარში მოწყალების დად ჩაეწერა და კოჯრისკენ მიმავალ რაზმს შეუერთდა. 19 თებერვალს, მარო ყუმბარის ნამსხვრევმა იმსხვერპლა. მას იმდროინდელი პრესა ქართველ ჟანა დარკად მოიხსენიებდა.

რუსეთის მე-11 არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში გმირულად დაღუპული გოგონა ქართველ იუნკერებთან ერთად, ყოფილი სამხედრო ტაძრის ეზოშია დაკრძალული.

2015 წლის 24 დეკემბერს საქართველოს იმდროინდელმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მარო მაყაშვილს გარდაცვალების შემდეგ საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. მარო პირველი ქართველი ქალია, რომელიც ქვეყნის ეროვნულ გმირად აღიარეს.

ცნობილია, რომ ის ადრეული ასაკიდანვე აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. შემორჩენილია დღიური და წერილები, რომლებშიც, მარო საკუთარ მსოფლმხედველობაზე და ცხოვრებაზე წერდა.

მარო მაყაშვილის ჩანაწერი დღიურში სამშობლოს თავისუფლების შესახებ: „ეს დღე ისტორიულია ქართულ ცხოვრებაში. ამ დღეს შესრულდა ნახევარი წელიწადი, რაც საქართველოს თავისუფლება აღიარეს. მთელმა ქართველობამ თბილისისა თავი შეიყარა სასახლის წინ. აქ მოხდა „პარადი“. ყოველი ქართველი გრძნობდა თავს თავისუფლად. აღტაცების ღიმილი უკრთოდა ყოველს და თითქოს ეს ეწერათ - „ოჰ, ძლივს გვეღირსა, გვეღირსა! გვეღირსა!“. არა, ნუ ვჩქარობთ, მტერი გარშემო გვყავს და გვითვალთვალებს".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა