ბოლო ერთ წელში 60,000 სამუშაო ადგილი შეიქმნა - ირაკლი კობახიძე
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე წინა კვირაში გამოქვეყნებულ უმუშევრობის სტატისტიკას გამოეხმაურა. მისი განცხადებით სწორედ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის დამსახურების შედეგია ის ფაქტი, რომ 2024 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით უმუშევრობის დონე წინა წელს არსებული 16.7%-დან, 13.7%-მდე შემცირდა და ბოლო ერთ წელში 60 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.
„როგორც მოგეხსენებათ, მეორე კვარტლის მონაცემების მიხედვით, უმუშევრობა არის ისტორიულ მინიმუმზე, დაფიქსირდა 13,7 პროცენტი, შარშან ანალოგიურ პერიოდში უმუშევრობა შეადგენდა 16,7 პროცენტს, რაც ნიშნავს იმას, რომ უმუშევრობის მაჩვენებელი შემცირდა 3 პროცენტული პუნქტით, რაც არის განსაკუთრებული პრიორიტეტი ჩვენთვის. დაქირავებულ დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 19 100 ადამიანით, თვითდასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 41 300 ადამიანით. ერთი წლის განმავლობაში შეიქმნა 60 ათასი ახალი სამუშაო ადგილი, რაც არის მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგი. როგორც მოგეხსენებათ, საქართველო გამოირჩევა ეკონომიკური ზრდით, არამარტო რეგიონში, არამედ ევროპის ქვეყნებს შორის მთლიანად საქართველო არის ნომერ პირველი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით. უკვე მეოთხე წელია, წინა სამი წლის განმავლობაში ჩვენ საშუალო ეკონომიკური ზრდა გვქონდა 9,7 პროცენტი, წელსაც ვინარჩუნებთ 9-პროცენტიან მაჩვენებელს და ვფიქრობთ, რომ გვექნება წლის ბოლოს ძალიან კარგი მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდის კუთხით, რა თქმა უნდა, სწორედ ეკონომიკური ზრდა არის მთავარი ფაქტორი, რომელიც იძლევა უმუშევრობის შემცირების საშუალებას, დასაქმების ზრდის საშუალებას. ასევე ყველას მოგეხსენებათ, რომ მეტი დასაქმებული ნიშნავს ბიუჯეტში შეტანილ მეტ გადასახადს, რაც მთავრობას მისცემს მეტი პროექტის განხორციელების საშუალებას, არსებული პროგრამების გაფართოების საშუალებას, მომავალშიც ეს დარჩება ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.