თეგებით ძიება
27. 08. 2024 მსოფლიო

აზერბაიჯანი მაიმუნის ყვავილის საფრთხის გამო სასაზღვრო კონტროლს აძლიერებს

აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტი მაიმუნის ყვავილის ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად აეროპორტებსა და ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის სხვა გამშვებ პუნქტებზე მთელ რიგ ზომებს აწესებს.

ამის შესახებ საბაჟო კომიტეტში სააგენტო Report-ს განუცხადეს.

უწყების ცნობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით იდენტიფიცირებულია მაიმუნის ყვავილის რისკის მქონე ქვეყნები, საიდანაც შესულ მგზავრებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევათ.

კერძოდ, აეროპორტებსა და სახელმწიფო საზღვრის სხვა გამშვებ პუნქტებზე არსებული ტექნიკური შესაძლებლობები მაღალი სიცხის მქონე მგზავრების გამოსავლენად გამოიყენება. დაავადებაზე ეჭვმიტანილი პირების იდენტიფიცირების შემთხვევაში შემდგომი ნაბიჯები ჯანდაცვის სამინისტროსთან, ტერიტორიული სამედიცინო ერთეულების მართვის ასოციაციასთან და შესაბამის სტრუქტურებთან ერთად განისაზღვრება. აღნიშნულ ზომებს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე განსაკუთრებით საშიშ ინფექცითა ეპიდსაწინააღმდეგო ინსტრუქცია ითვალისწინებს.

„სახელმწიფო სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე საბაჟო კომიტეტის სამედიცინო სამსახური მებაჟეებისთვის განსაკუთრებით საშიშ ინფექციებზე ტრენინგებს რეგულარულად ატარებს, ბოლო დროს კი სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა მაიმუნის ყვავილის კლინიკურ სიმპტომებს, დაინფიცირების გზებსა და პროფილაქტიკას,” – აცხადებენ უწყებაში.

ამასთან, პირველადი სამედიცინო გამოკვლევისა და ეპიდემიოლოგიური კვლევის ჩატარებასთან დაკავშირებით მომზადების დონე გაიზარდა.

ცნობისთვის: აზერბაიჯანის მთავრობის დირექტივის თანახმად, COVID-19-ის პანდემიის გამო ქვეყნის სახმელეთო საზღვრები, მათ შორის, საქართველოსთან 2020 წელს დაიკეტა. დაწესებული შეზღუდვები მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბრამდე გრძელდება. ამ ეტაპზე აზერბაიჯანში შესვლა საჰაერო გზით არის შესაძლებელი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა