თეგებით ძიება
27. 08. 2024 მსოფლიო

პაველ დუროვი პატიმრობაში რჩება - მაკრონის თქმით, მის დაკავებას პოლიტიკური მოტივი არ ჰქონია

ორშაბათს საფრანგეთის პროკურორებმა განაცხადეს, რომ პაველ დუროვი, აპლიკაცია Telegram-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი დააკავეს ბავშვთა პორნოგრაფიასთან, ნარკოტიკებით ვაჭრობასა და პლატფორმაზე თაღლითურ ტრანზაქციებთან დაკავშირებული დანაშაულების გამოძიების ფარგლებში.

პარიზის პროკურორმა ლორ ბეკუუმ განაცხადა, რომ დუროვი დააკავეს გამოძიების ფარგლებში, რომელიც კიბერდანაშაულთან ბრძოლის განყოფილებამ 8 ივლისს დაიწყო. ის ეჭვმიტანილია ორგანიზებული ჯგუფების კრიმინალური საქმიანობის ხელშეწყობაში, ხელისუფლებისთვის ინფორმაციის გადაცემაზე უარის თქმაში და ბავშვთა პორნოგრაფიასთან, ნარკოტრეფიკთან, თაღლითობასა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ დანაშაულებში თანამონაწილეობაში.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ დაკავებას პოლიტიკური მოტივი არ ჰქონია.

"ტელეგრამის პრეზიდენტის დაკავება საფრანგეთის ტერიტორიაზე მიმდინარე სასამართლო გამოძიების ფარგლებში მოხდა. ეს არანაირად არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს მოსამართლეების გადასაწყვეტია", - დაწერა X-ზე მაკრონმა.

დუროვმა, რომელიც დაიბადა რუსეთში, ბავშვობის დიდი ნაწილი გაატარა იტალიაში და არის საფრანგეთის, რუსეთის, სენტ-კიტსისა და ნევისის და არაბეთის გაერთიანებული საამიროების მოქალაქე. ის შაბათს საფრანგეთში, პარიზ-ლე ბურჟეს აეროპორტში აზერბაიჯანიდან ჩამოფრენის შემდეგ დააკავეს.

თავის პლატფორმაზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, Telegram-მა განაცხადა, რომ იგი ემორჩილება ევროკავშირის კანონებს და მისი შინაარსის მოდერაცია "ინდუსტრიის სტანდარტების ფარგლებშია და მუდმივად უმჯობესდება". კომპანიამ დასძინა, რომ დუროვს დასამალი არაფერი აქვს და ხშირად მოგზაურობს ევროპაში.

"ტელეგრამს" დაახლოებით 1 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს, განსაკუთრებით გავლენიანია რუსეთში, უკრაინასა და ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში. 39 წლის მილიარდერმა დუროვმა ძმასთან ერთად აპლიკაცია 2013 წელს ჩაუშვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა