ფესტივალის „ღამის სერენადები“ ფარგლებში, სექტემბერში კონცერტები თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართება
მოხარულები ვართ, რომ წარმატებით დასრულდა ფესტივალის „ღამის სერენადები“ ბათუმური ნაწილი და ველით ბათუმელ პუბლიკასთან შეხვედრას მომავალ წელს. რაც შეეხება თბილისს, წინ გველოდება 4 კონცერტი: 15, 17, 18 და 20 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, - განაცხადა „ღამის სერენადების“ სამხატვრო ხელმძღვანელმა, გიორგი ისაკაძემ.
მისვე თქმით, 15 სექტემბერს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში უკვე მეორედ, პუბლიკა მოუსმენს იტალიელ დირიჟორს, Orchestra Scarlatti Young-ის და „Milano Classica“-ს მთავარ დირიჟორს, ტოსკანას ორკესტრის მთავარ მოწვეულ დირიჟორს, ფონდ Taormina Arte-ს სამხატვრო ხელმძღვანელს, იტალიის კულტურის მინისტრის მრჩეველს მუსიკის დარგში - ბეატრიჩე ვენეცის.
„იგი ფესტივალის პარტნიორ ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარადგენს იტალიური სიმფონიური მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნაწარმოებს - ოტორინო რესპიგის თხზულებას 4 ნაწილად „რომის პინიებს“. ასევე ყველასთვის ცნობილ და წარმატებულ საერთაშორისო კარიერის მქონე პიანისტ და კომპიზიტორ სანდრო ნებიერიძესთან ერთად შეასრულებს სერგეი რახმანინოვის ერთ-ერთ უდიდეს ნაწარმოებს მესამე საფორტეპიანო კონცერტს.
17 სექტემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში ბრაზილიური მუსიკის საღამო გაიმართება. ფესტივალის საბაზო ორკესტრი საქართველოს ვირტუოზები და ახალგაზრდა წარმატებული ქართველი მუსიკოსები: ლიზი რამიშვილი, მარიამ როინიშვილი და გიორგი ოიკაშვილი სხვადასხვა ეპოქისა და სტილის ბრაზილიელი კომპოზიტორის ნაწარმოებებს შეასრულებენ. სპეციალურად ამ საღამოსთვის, ფესტივალის დაკვეთით შეიქმნა მთელი რიგი ნაწარმოებების საავტორო არანჟირებები სიმებიანი ორკესტრისთვის, რომელიც გაამდიდრებს სიმებიანი ორკესტრისთვის არსებულ რეპერტუარს.
18 სექტემბერს კონსერვატორიის მცირე დარბაზში ჩეხური ეროვნული მუსიკის საღამო შედგება. მასში ქართველ მუსიკოსებთან ერთად, ჩეხი მუსიკოსებიც მიიღებენ მონაწილეობას. „ჩეხური მუსიკის წლის“ აღნიშვნას „ღამის სერენადებიც“ შეუერთდება. სახელგანთქმული პიანისტი და კომპოზიტორი გიორგი შავერზაშვილი შესანიშნავ ქართველ მევიოლინე გიორგი ხაინდრავასთან ერთად ბედრჟის სმეტანას, ანტონინ დვორჟაკისა და ლეო იანაჩეკის მუსიკას შეასრულებენ. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ აგრეთვე მოწვეული სტუმრებიც.
20 სექტემბერს, ფესტივალის დასკვნით საღამოს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ბაროკოს მუსიკის ორი წამყვანი შემსრულებელი მევიოლინე ანდრეს გაბეტა და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ბლოკ-ფლეიტისტი მორის შტიგერი წარმოადგენენ სპეციალურად ფესტივალისთვის შედგენილ თემატურ პროგრამას „ვივალდი და მეგობრები“, - განაცხადა გიორგი ისაკაძემ.
მან ფესტივალის ბათუმური ნაწილზეც ისაუბრა.
„კონცერტმა დიდი წარმატებით ჩაიარა და ამით დასრულდა „ღამის სერენადების“ ბათუმური ნაწილი. დიდად მოხარულები ვართ პუბლიკის ასეთი თბილი და აღტაცებული რეაქციის. ჩვენთვის ყოველთვის დიდი სიხარულია დახვეწილი მუსიკალური გემოვნების მქონე ბათუმელ მსმენელთან შეხვედრა", - განაცხადა გიორგი ისაკაძემ.
„ღამის სერენადების“ ბათუმური კონცერტები 25 აგვისტოს დასრულდა.