თეგებით ძიება

გიორგი ამილახვარი აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი აბიტურიენტებს და მათ მშობლებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღწეულ წარმატებას ულოცავს.

„გილოცავთ ჩემო ძვირფასებო ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას! ახლა, თქვენს ცხოვრებაში იწყება ძალიან საინტერესო, ამავდროულად, მეტად საპასუხისმგებლო ეტაპი, რომელიც ახალ გამოცდილებებს, ურთიერთობებსა და განვითარების უნიკალურ შესაძლებლობებს გულისხმობს. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი დგას თქვენზე - ნიჭიერ ახალგაზრდებზე და მჯერა, მიღებული ცოდნით, ასეთი შემართებითა და პროფესიონალიზმით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ საქართველოს განვითარების საქმეში.

დღეს, ჩვენი მთავრობის უმთავრესი მიზანია, ხელი შეგიწყოთ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენაში და საკუთარი თავის რეალიზებისთვის კიდევ უფრო ფართო ასპარეზი შემოგთავაზოთ. შესაბამისად, ვაგრძელებთ მუშაობას სხვადასხვა მიმართულებით, რათა თქვენ - მომავალ თაობას ცოდნის გაუმჯობესებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებისთვის უკეთესი პირობები შეგიქმნათ.

ეროვნულ გამოცდებზე წარმატების მიღწევა პირველი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია და თქვენ ცხოვრების გზაზე კიდევ არაერთი გამარჯვება გელით. რა თქმა უნდა, იქნება სირთულეები და გამოწვევებიც, თუმცა ნურაფერს შეუშინდებით და მაქსიმალურად გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა.

მოხარული ვარ, რომ წელს 32 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები. კიდევ ერთხელ გილოცავთ თითოეულ ახალგაზრდას, ვულოცავ თქვენს მშობლებს, წარმატებებს, პროფესიულ წინსვლასა და დასახული მიზნების მიღწევას გისურვებთ”, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა