თეგებით ძიება

სახეზე გვაქვს არაჯანსაღი პოლიტიკური გარემო, სადაც ხელისუფლებას აქვს ყველაფერი: სახელმწიფო სტრუქტურები,მათთან აფილირებული ბიზნესი და ოპოზიციურ პარტიებს არაფერი - ვასო ურუშაძე

„ერთიანობა-„ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივნის, ვასო ურუშაძის განცხადებით, ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის დაკავშირება ოპოზიციური პარტიების მონიტორინგთან იმის დასტურია, რომ დამოუკიდებელი სტრუქტურა ქვეყანაში არ არსებობს.

აღნიშნულით ვასო ურუშაძე გამოეხმაურა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის განცხადებას, რომ ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ და მათი საარჩევნო კამპანიები და აქტივობები, შესაძლოა, ფინანსდებოდეს უცხოური დონორი ორგანიზაციებისგან ან სხვა წყაროებიდან.

„გვაქვს სახეზე სურათი, როცა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით ფინანსური რესურსი მიედინება კერძო კომპანიებში, შემდეგ ეს კერძო კომპანიები მათთან დაახლოებული პირები, დამფუძნებლები, დირექტორები არიან „ქართული ოცნების“ შემომწირველები. ჯანსაღი პროცესი იქნებოდა, სხვა კომპანიები რომ სწირავდნენ ოპოზიციურ პარტიებსაც და გვქონდეს ჯანსაღი კონკურენტული პოლიტიკური გარემო, რომ ადამიანები და მათ შორის, კომპანიები, მიუხედავად იმისა, მონაწილეობენ თუ არა ისინი სახელმწიფო შესყიდვებში, ღიად და დაუფარავად სწირავდნენ თანხებს ოპოზიციურ პარტიებს, თუმცა ეს, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ვერ ხდება. ვერ ხდება იმიტომ, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად იყენებს რეპრესიებს იმ ადამიანებისა და იმ ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ მხარი დაუჭირონ ოპოზიციურ პარტიებს, ამიტომ, ჩვენ გვაქვს სახეზე არაჯანსაღი პოლიტიკური გარემო, არაჯანსაღი წინასაარჩევნო კამპანია, სადაც ხელისუფლებას აქვს ყველაფერი: სახელმწიფო სტრუქტურები, სახელმწიფო ორგანიზაციები, მათთან აფილირებული ბიზნესი და არაფერი არა აქვთ ოპოზიციურ პარტიებს. ამიტომ მცდელობა იმისა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობა იყოს მიმართული ოპოზიციური პარტიების მონიტორინგზე, არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ამ ქვეყანაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სახელმწიფო სტრუქტურა არ არსებობს. ნაცვლად იმისა, რომ ანტიკორუფციული სამსახური დაინტერესებული იყოს ჩინოვნიკებისა და თანამდებობის პირების კორუფციული საქმიანობით, განსაკუთრებით პოლიტიკური კორუფციის კუთხით, დაინტერესებულია იმით, თუ რომელი არასამთავრობო ორგანიზაცია თანამშრომლობს ოპოზიციურ პარტიებთან და ისედაც მძიმე ფინანსურ და ეკონომიკურ სიტუაციაში მყოფი ოპოზიციური პარტიების მონიტორინგით არის დაკავებული“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა