”სააკაშვილის რეჟიმი უფრო მოთოკილი იყო დასავლეთით, ქართულ ოცნებას კი დასავლეთი აღარ აინტერესებს და ევრაზიული სტილის ავტორიტარულ რეჟიმად ყალიბდება“ - მაისაია
”სააკაშვილის რეჟიმი უფრო მოთოკილი იყო დასავლეთით, „ქართულ ოცნებას“ კი დასავლეთი აღარ აინტერესებს და ევრაზიული სტილის ავტორიტარულ რეჟიმად ყალიბდება“, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო TIA.GE-სთან პოლიტიკის ანალიტიკოსმა, ვახტანგ მაისაიამ განაცხადა.
„როგორც ტენდენცია აჩვენებს უკრაინელები შეინარჩუნებენ იმ პლაცდარმს, რომელიც ეფექტურად განახორციელეს. მათ საბჭოთა სამხედრო სკოლის სტრატეგია გამოიყენეს. ამ ეტაპზე უკრაინულმა არმიამ სწორად მოახდინა სამხედრო ძალების მობილიზება და თავდაცვითი სისტემის კარგად გამართვა, საავიაციო ჩავარდნა კი დრონებით აინაზღაურა. რუსები არ ელოდნენ ამ თავდასხმას, ეს იყო უკრაინული „ბლიცკრიგი“. სამხედრო ზიანზე მეტად ეს არის იმიჯური ზიანი, რაც რუსეთის ძლიერების რეპუტაციას ამსხვრევს.
2-წლიანი სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში, რუსებმა დონეცკის ოლქის სრული გაკონტროლებაც კი ვერ შეძლეს. პუტინმა ბრძანა კურსკის ოლქის ტერიტორიების 1 ოქტომბრამდე გათავისუფლება. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოს სიდიდით მეორე სამხედრო ძალის პრეტენზიის მქონე ქვეყანა საკუთარი ტერიტორიების დაცვასაც კი ვერ ახერხებს რამდენიმე თვე და პრაქტიკულად ოკუპირებულია“ - აცხადებს ექსპერტი და დასძენს, რომ უკრაინის წარმატების იმედი აქვს.
„უკრაინის წარმატებას ოპტიმისტურად ვუყურებ, დასავლური სახელმწიფოებიც მხარს უჭერენ ზელენსკის ნაბიჯებს. ჯერჯერობით სიტუაცია უკრაინელების მხარესაა“, - ამბობს მაისაია.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გეგმას ხელისუფლების გახანგრძლივება წარმოადგენს, რისთვისაც ისინი გაყალბების მექანიზმებს გამოიყენებენ.
„ქართული ოცნების“ გეგმაა დასავლური სამყაროს მტრად გადაკიდების შემდეგ, მექსიკის პრეცედენტი გაიმეორონ და ათწლეულები იყვნენ ხელისუფლებაში. გაყალბების მექანიზმებს აქტიურად გამოიყენებენ. „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევაც ამას აჩვენებს, რომ მათ უნდათ ეს შედეგი აჩვენონ (60%). გადამწყვეტი იქნება სექტემბერი-ოქტომბერი, საარჩევნო კამპანიის აქტიური ფაზა.
სააკაშვილის რეჟიმი უფრო მოთოკილი იყო დასავლეთით, „ქართულ ოცნებას“ კი დასავლეთი აღარ აინტერესებს და ევრაზიული სტილის ავტორიტარულ რეჟიმად ყალიბდება. ქართველ ხალხზეა დამოკიდებული რამდენად შეეგუება ავტორიტარიზმს. ოქტომბრის არჩევნებს ზუსტად შეშვენის ილია ჭავჭავაძის სიტყვები: „ჩვენი ბედი ჩვენადვე გვეკუთვნის“, - ამბობს მაისაია.
ავტორი: გიორგი აბულაძე