ბაიდენის ადმინისტრაცია ითხოვდა ცენზურის დაწესებას - მარკ ცუკერბერგი თეთრი სახლის მხრიდან ზეწოლაზე ალაპარაკდა
Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი აცხადებს, რომ Covid-ის დროს ის, Meta-ს ხელმძღვანელობასთან ერთად, თეთრი სახლისა და ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლის ობიექტი იყო. ცუკერბერგი განმარტავს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ითხოვდა ცენზურის დაწესებას სოციალურ ქსელებში კორონავირუსთან დაკავშირებული ზოგიერთი ტიპის ინფორმაციის გავრცელებაზე.
როგორც Meta-ს ხელმძღვანელი აღნიშნავს, ნანობს, რომ დაემორჩილა ზეწოლას. ამის შესახებ ცუკერბერგმა აშშ-ის პალატის კომიტეტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში ისაუბრა.
წერილში ის აღნიშნავს, რომ ცენზურის გამო "ფეისბუქსა" და "ინსტაგრამზე" 2021 წელს წაიშალა ზოგიერთი მასალა, მათ შორის იუმორისტული და სატირული შინაარსის, რომელიც კორონავირუსს უკავშირდებოდა.
გარდა ამისა, როგორც ცუკერბერგი ამბობს, 2020 წლის არჩევნების წინ FBI-მ ჯო ბაიდენის შვილთან, ჰანტერთან დაკავშირებული მასალების თაობაზეც გააფრთხილა, რომ შესაძლოა, ამგვარი ინფორმაცია ყოფილიყო "რუსეთთან დაკავშირებული დეზინფორმაციის" ოპერაციის ნაწილი. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ მასალები არ უკავშირდებოდა რუსულ კამპანიას.
მისი თქმით, მთავრობის ქმედებები არასწორი იყო.
”ჩვენ გავაკეთეთ მაშინ რამდენიმე არჩევანი, რომელსაც დღეს არ გავაკეთებდით, იმ ცოდნის წყალობით, რომელიც ახლა გვაქვს", - აღნიშნავს ცუკერბერგი.
წყარო: ambebi.ge