ზურაბიშვილმა სწორად აღნიშნა, რომ “ოცნება“ დგას შიშზე, შიშით თამაშობს - ირაკლი კუპრაძე
სალომე ზურაბიშვილს აქვს რესურსი, რომ პოლიტიკისგან დაშორებული მოქალაქეები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში და ცვლილების იმედი დაუბრუნოს, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რითაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„სალომე ზურაბიშვილს აქვს რესურსი, რომ პოლიტიკისგან დაშორებული მოქალაქეები, რომლებიც საკუთარ მოსაზრებებთან ახლოს მდგომ პოლიტიკურ პლატფორმას ეძებენ, ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში და ცვლილების იმედი დაუბრუნოს. პრეზიდენტის ინსტიტუტი ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუციაა, რომელსაც შეუძლია კრიტიკული მოსაზრებები თქვას და ამ ყველაფერს აქვს შესაბამისი ინსტიტუციონალური ფასი და ღირებულება.
ზურაბიშვილმა სწორად აღნიშნა, რომ „ოცნება“ დგას შიშზე, შიშით თამაშობს, ის არ არის დაინტერესებული საარჩევნო პროგრამით, პრობლემები არ აინტერესებს, მას აინტერესებს გამოგონილი ომის პრობლემები, გლობალური ომის პარტია. ამ დროს სიღარიბე, ბავშვთა შიმშილი, ემიგრაცია, ქვეყნიდან წარმატებული ადამიანების წასვლა მთავარი პრობლემაა. ქვეყანა განვითარების შესაძლებლობას კლავს“, - განაცხადა კუპრაძემ.