„ციხიდან ახლა გამოვიდა, ერთი-ორი თვე იქნება...“ - კახეთში მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები
გურჯაანის მუნიციპალიტეტში კაცმა ცოლი და ორი ახალგაზრდა მოკლა. შემთხვევა სოფელ ახაშენში მოხდა. ადგილობრივების თმით, ქმარმა ცოლი მოკლა, რის შემდეგაც ორ ახალგაზრდას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. სამივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.
მკვლელობის სავარაუდო მოტივი, ამ ეტაპზე, უცნობია. დანაშაულის ჩადენის შემდეგ, დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ფაქტის გამო შოკში არიან. მოკლული ქალი ძალიან კარგი პიროვნება იყო. სახლში რემონტი ჰქონდათ, ერთ-ერთი მოკლული მამაკაცი სწორედ რემონტის გაკეთებაში ეხმარებოდა.
"ცოლი დაიბარა, სახლი დასალაგებელი გვაქვსო, ის მუშა კიდევ, ხელოსანი ბიჭი, აბანოს უკეთებდა. არ ვიცი, რა მოხდა. დაშორებულები იყვნენ ცოტა ხანს და მერე ქალმა თქვა, რომ მაინც არ მომასვენებსო და შეურიგდა. ციხიდან ახლა გამოვიდა, ერთი-ორი თვე იქნება," - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
მოკლულს ერთი შვილი დარჩა.