"ცოლის ძებნა დავიწყეთ და სამზარეულოში იყო გარდაცვლილი, ორი შვილი დარჩა..." - სოფელ ახაშენში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
ადგილობრივების თქმით, მამაკაცმა ცოლს და ორ მეგობარს ესროლა. როგორც სოფელში ჰყვებიან, მამაკაცი ხშირად ეჭვიანობდა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულიც იყო.
"დილით ვნახე ყველა ერთად. სახლში რემონტი ჰქონდათ, აბაზანას არემონტებდნენ. ხელოსანი ამ კაცის მეგობარი იყო. ცოლი სხვაგან იყო და სოფელში დილით ჩამოვიდა. შუადღეს ჩემმა მეუღლემ ნახა, რომ მეგობარი, რომელიც მათ სახლში ხელოსნად მუშაობდა, აბაზანაში გარდაცვლილი იყო.
ცოლის ძებნა დავიწყეთ და ისიც სამზარეულოში იყო გარდაცვლილი. მერე გავიგეთ, რომ კიდევ ერთი ადამიანი იპოვეს მოკლული, ისიც ამ კაცის მეგობარი. ხშირად ეჭვიანობდა ცოლზე, არადა ისეთი კარგი გოგო იყო… ამბობენ, თავადაც თავი მოიკლაო, თუმცა ზუსტად არაფერი ვიცით. შოკში ვართ ყველა. ორი შვილი დარჩათ“. – ამბობენ ადგილობრივები, რომელთა კომენტარსაც „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.