ვინ არის კაცი, რომელმაც ცოლი და 2 ახლო მეგობარი მოკლა? - ახაშენში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
პოლიცია ზვიად ზურაბაშვილს ცოლისა და ახლო მეგობრების მკვლელობის ბრალდებით ეძებს. ერთ-ერთი ვერსიით, საზარელი მკვლელობების მიზეზი ეჭვიანობა გახდა, თუმცა რეალურად რა მოხდა ზურაბაშვილების სახლში, არავინ იცის. სოფელ ახაშენში სასტიკ დანაშაულს თვითმხილველი არ ჰყავს. ფიქრია ტუგულაშვილისა და მალხაზ მამისაშვილის ცხედრები მეზობელმა შემთხვევით იპოვა. ასევე ცეცხლსასაროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილოებით ადგილზე გარდაიცვალა როინ კობიაშვილი, რომელიც სოფელ ზეგაანში იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე ვერ გავიდა სავრაუდო დამნააშავის კვალზე. ზურაბაშვილი წარსულში ნასამართლევია, ის ციხიდან ცოტა ხნის წინ გათავისუფლდა, სადაც ცოლზე ძალადობის ბრალდებით იხდიდა სასჯელს.
ფიქრია ტუგულაშვილი ქმრის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეზე მეზობლებთან ხშირად საუბრობდა. "ახლა რომ მივატოვო, არ მომასვენებსო, არადა, ეშინოდა... რამე რომ შევატყო, მაშინვე გავშორდებიო," - ჰყვება "კურიერთან" ერთ-ერთი ადგილობრივი.
მეზობლები ამბობენ, რომ ქალი სიკვდილს ერთხელ უკვე გადაურჩა. დაახლოებით, ორი წლის წინ, ის ქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზე, კისრის არეში დანით დაჭრა. მაშინ, პოლიციამ დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა. ციხიდან გათავისუფლებიდან ერთ თვეში, მან ცოლს, ამჯერად, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. კაცმა იმავე იარაღით მოკლა ორი მეგობარიც. დამნაშავის სახლში ცხედრები პირველად მეზობლებმა ნახეს.
სამმაგ მკვლელობაში ბრალდებული ზვიად ზურაბაშვილი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. ახლა მას სამართალდამცველები ეძებენ.