ცნობილ მთარგმნელსა და პოეტს, გიორგი ლობჟანიძეს საზოგადოების თანადგომა სჭირდება - „მოდით,მოვახდინოთ სასწაული!..“
ქართველ პოეტს, მთაგრმნელსა და აღმოსავლეთმცოდნეს, გიორგი ლობჟანიძესა და მის ოჯახს საზოგადოების თანადგომა სჭირდება. გიორგი ლობჟანიძის მეუღლე, ირინა მძიმე სენს ებრძვის, ოჯახს კი აღარ აქვს შესაბამისი სახსრები, რომ თურქეთში მკურნალობა გააგრძელოს.
რეჟისორი სანდრო ელოშვილი ვრცელ სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას გიორგი ლობჟანაძისადმი თანადგომისკენ მოუწოდებს:
„სიამაყით ვიტყვი, რომ ბევრი კარგი მეგობარი მყავს და მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული, თავის წესიერებით და პატიოსნებით, გიორგი ლობჟანიძეა! პოეტი, ფილოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, მაგრამ პირველ რიგში კარგი მამა და მოსიყვარულე მეუღლე.
ერთი წელია, მათ ოჯახს დიდი განსაცდელი უდგას, გიორგის მშვენიერი და არაჩვეულებრივი მეუღლე ირინა საშინელ, ავთვისებიან დაავადებას ებრძვის.
ვუყურებ გიორგის და ეს მშვიდი, წყნარი, ჩუმი, მუდამ მომღიმარი კაცი ნამდვილ გმირად იქცა, რაინდად, რომელიც საყვარელი ქალისთვის ყველაფერს და იმაზე მეტსაც კი აკეთებს, შეუძლებელი რომ ჰქვია!
ვინც იცნობთ, გეცოდინებათ თუ რამდენად რთულია მისთვის დახმარების თხოვნა! იმიტომ არა, რომ ამპარტავნობა არ აძლევს საშუალებას, პირიქით! მორიდება და იმაზე ფიქრი არ უშვებს, თუ სხვას როგორ უჭირს და რამდენ ადამიანს სჭირდება დედამიწაზე გვერდში დგომა.
არადა, დრო არ იცდის, ამ ერთ წელიწადში ეს საშინელი დაავადება რემისიას განიცდის, მაგრამ აუცილებლად ბოლომდეა საქმე მისაყვანი!
შეხედეთ პატარა ლილიკოს, შეხედეთ როგორ არის მიხუტებული მის მშვენიერ დედიკოს… სახლში შესულ კაცს რომ ასე გაღიმებულები დაგხვდებიან, რა უნდა იყოს ამაზე დიდი საჩუქარი ღმერთისგან?!
მოდით, სხვას ნუ დავუცდით, ჩვენ მოვახდინოთ სასწაული! მოდით ერთ ლამაზ და წესიერ ქართულ ოჯახში ერთმანეთისთვის გაღიმება და სიყვარული არ მოვშალოთ!
20 000 დოლარამდეა საჭირო თანხა და სხვა ვერავინ იზამს ამას ჩვენს გარდა!
მესმის წარმოუდგენლად დიდი თანხაა, მაგრამ ერთად და ერთობით ყველაფერი გამოგსვლია და ახლაც გამოგვივა!
გეფიცებით, თითოეული წუთი და თითოეული ლარი წყვეტს ახლა საქმეს…
გთხოვთ რა! სიყვარული გადავარჩინოთ… დიდხანს რომ გრძნობდეს ლილიკო დედის სითბოს და ჩახუტების სურნელს, ის სიტკბო გადავარჩინოთ… (მართალია ასეთი პატარა გოგო აღარაა, მაგრამ მაინც… და ერთ კარგ, წესიერ და მაგარ კაცს, რომლის გულშიც ახლა ტკივილი და იმედი ერთმანეთს ებრძვიან, სახლში მისულს მოღიმარი ცოლ-შვილით ტკბობა არ მოვაკლოთ…
ვიცი, შეგაწუხეთ, სულ რაღაც ამბებში ჩართვას გთხოვთ, მრცხვენია, მაგრამ თქვენი შეწუხებით გამოწვეული ჩემი სირცხვილი მეასე ხარისხოვანი მგონია, როდესაც ადამიანის სიცოცხლეზეა საუბარი!
ვისაც ამქვეყნად ადამიანი გიყვართ, გთხოვთ, ყველამ გააზიარეთ, რადგანაც მხოლოდ ადამიანობა გადაგვარჩენს!
ჩემს ანგარიშებს დავწერ, იქნებ მოხდეს სასწაული, მოგროვდეს ეს თანხა, სანამ გიორგი ბედის ანაბარა, ჩვენს იმედად დადის კლინიკაში და მერე, დრო რომ გავა, აუცილებლად მოგიყვებით და ერთად ვიცინოთ, რა რეაქციები ჰქონდა ამ ყველაფერზე ერთ ცოტათი დაბნეულ, მაგრამ ძალიან კეთილ და ღიმილიან კაცს.
გთხოვთ, თუ არ შეწუხდებით, დანიშნულებაში ირინა ჩაწერეთ.
#GE32TB7609945061600014 TBC
#GE54BG0000000161381454 BOG
ძალა ერთობაშია!..“