რუსეთში თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე თაღლითობის ბრალდებით დააკავეს
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა რუსეთის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე (2013 წლიდან -2024 წლის ივნისამდე) პაველ პოპოვი თაღლითობის საქმეზე დააკავა.
გამოძიების მტკიცებით, 2021 – 2024 წლებში პოპოვი მოსკოვის ოლქში მდებარე პარკ „პატრიოტის“ განვითარებაზე, მომსახურებასა და მუშაობაზე იყო პასუხისმგებელი.
რუს გენერალს ბრალად ედება პარკის ფულის გამოყენება მოსკოვის რეგიონში მდებარე მისი ნაკვეთისთვის სამშენებლო მასალებისა და „მატერიალური აქტივების“ მიწოდებაში. გამოძიება, ასევე, მიიჩნევს, რომ პოპოვი ბიზნესმენებს, რომლებიც „პატრიოტთან“ თანამშრომლობდნენ, ხელქვეითების მეშვეობით აიძულებდა მის აგარაკზე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები ჩაეტარებინათ და მათ საფასურს არ უხდიდა.
საგამოძიებო კომიტეტმა აგრეთვე დაადგინა, რომ მოსკოვში, მოსკოვის ოლქსა და კრასნოდარის მხარეში პოპოვს და მისი ოჯახის წევრებს საკუთრებაში უძრავი ქონების არაერთი ობიექტია. მათი საერთო ღირებულება 500 მილიონ რუსულ რუბლს შეადგენს, რაც 5,4 მილიონი დოლარია.
„სახლის მშენებლობისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის შემდეგ, პოპოვმა განაგრძო პარკის ხარჯზე მისი დაახლოებით 3 ჰექტარი ფართობის ტექნიკურ-ეკონომიკური მოვლა-პატრონობა“, - ნათქვამია განცხადებაში.
საგამოძიებო კომიტეტმა განმარტა, რომ პოპოვი და მისი ოჯახი ფლობენ უამრავ უძრავ ქონებას (ზუსტად რამდენი არ არის მითითებული) მოსკოვში, მოსკოვის რეგიონსა და კრასნოდარის მხარეში. მიმდინარეობს შემოწმება მათი შეძენის კანონიერებასთან დაკავშირებით.
2024 წლის 5 აგვისტოს მოსკოვის სასამართლომ თაღლითობის საქმეზე დააკავა პატრიოტის პარკის დირექტორი ვიაჩესლავ ახმედოვი. მისი სავარაუდო თანამზრახველი, თავდაცვის სამინისტროს ინოვაციური განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ვლადიმერ შესტეროვი, შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.
პატრიოტთა პარკის შექმნა 2014 წელს სერგეი შოიგუს ბრძანებით დაიწყო. ამ დროისთვის მის ტერიტორიაზე, რომელიც 3,5 ათას ჰექტარზე მეტია, განთავსებულია სამხედრო-პატრიოტული მუზეუმი, ისტორიული მოვლენების რეკონსტრუქციის ზონა, ასევე თავდაცვის სამინისტროს მთავარი ტაძარი.
Open Media-ს ცნობით, მხოლოდ ტაძრის მშენებლობაზე ბიუჯეტიდან 2 მილიარდი რუბლი დაიხარჯა.