“რატომაც არა, აღადგენენ მონარქიას და დაჯდება ივანიშვილი ან მეფედ ან პატრიარქად“ - რომან გოცირიძე
“თუკი ვამბობთ, რომ კონსტიტუციური ცვლილებებით ეკლესია და მისი სასულიერო პირები პარლამენტმა დაამტკიცოს, რატომაც არა - აღადგენენ მონარქიას და დაჯდება ივანიშვილი ან მეფედ ან პატრიარქად“, - ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მმართველმა გუნდმა საპატრიარქოს მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება შესთავაზა.
გოცირიძის თქმით, ეს იყო შემოვლითი გზით ეკლესიის კიდევ უფრო მეტად ხელში ჩაგდების მცდელობა, რაც საპატრიარქომ არ მიიღო.
“მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება ნიშნავს მთლიანად უზურპაციას არამხოლოდ საერო სფეროში, არამედ სასულიერო სფეროში. ვინაიდან სახელმწიფო რელიგია, თუნდაც ბერძნული მოდელი, ნიშნავს საქართველოს საპატრიარქოს საბიუჯეტო დაწესებულებად გადაქცევას, საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირების დამტკიცებას პარლამენტის მიერ, მათი ხარჯებისა და საქმიანობის კონტროლს და ა.შ. ეს იყო შემოვლითი გზით ეკლესიის კიდევ უფრო მეტად ხელში ჩაგდების მცდელობა, რაც რა თქმა უნდა, არ მიიღო საპატრიარქომ. ერთი მხრივ, ეს არის რუსული გეგმა. მეორე მხრივ, წინასაარჩევნო პროპაგანდა. ჰგონიათ, რომ ამით ჩვენ მოქალაქეებს ასიამოვნებენ, მაგრამ ეს გადაწყვეტილება რომ ქვეყანას შუა საუკუნეებში აბრუნებს და ისეთი განსაკუთრებით ფუნდამენტალისტური ისლამური სახელმწიფოების გვერდით აყენებს, სადაც დღეს ქუჩაში ქალს ნიღბის გარეშე გამოსვლა, სკოლებსა და უმაღლესში განათლების მიღება ეკრძალებათ და სადაც დღემდე შეიძლება ქვებით ჩაქოლო ადამიანი. სახელმწიფო რელიგიის მქონე სახელმწიფოები ეკონომიკურად განადგურებულები და ელემენტარულად ადამიანის ღირსების დამცველები რომ არ არიან, სწორედ ამ ბნელი შუა საუკუნეების მოდელს სთავაზობს დღეს “ქართული ოცნება” ჩვენს საზოგადოებას. სად არის ეკონომიკური დაპირებები? 100 ქარხნის დაპირებით მოვიდნენ და გვეუბნებიან, რომ 100 ქარხანა კი არ იქნება, არამედ პარლამენტი 100 მღვდელს დაამტკიცებს.
ხოლო მისი უკიდურესი ფორმა არის 60-იანი წლების კვიპროსის მოდელი. როდესაც კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაური ამავე დროს სახელმწიფო მეთაური იყო. ეს არის ყველაზე წარმოუდგენელი მოდელი და არ არის გამორიცხული, რომ თუ პატრიარქობა არა, ალბათ, სამეფო დინასტიის აღდგენა მოითხოვოს ივანიშვილმა და შემდეგ მისი შვილების მეფეებად გამოცხადება. თუკი ვამბობთ, რომ კონსტიტუციური ცვლილებებით ეკლესია და მისი სასულიერო პირები პარლამენტმა დაამტკიცოს, რატომაც არა - აღადგენენ მონარქიას და დაჯდება ივანიშვილი ან მეფედ ან პატრიარქად”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, მმართველმა გუნდმა საპატრიარქოს მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება შესთავაზა. ხოლო დღეს, ხელისუფლების ამ ინიციატივაზე მსჯელობის მიზნით, საპატრიარქოში მღვდელმთავრები იკრიბებიან.