როგორ შეიძლება გამჭვირვალობა კონსტიტუციას ან ევროპულ მომავალს ეწინააღმდეგებოდეს? - კახა კალაძე
არაფერი განსახილველი არ არის. კანონი არის მიღებული, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას ითვალისწინებს - ეს არის იმ ბინძური პიარ-კამპანიის გაგრძელება, რომელიც “ქართული ოცნების” წინააღმდეგ მიმდინარეობდა, - ასე შეაფასა “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონის განხილვა.
მისივე თქმით, გარკვეული მედიასაშუალებები საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველოს მოსახლეობა რუსეთში გაიღვიძებდა, რაც “სიყალბე იყო”.
“რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონის განხილვას, ეს არის ერთგვარი შოუს ნაწილი. იმიტომ, რომ კანონი, რომელიც მიღებულია, მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება - გამჭვირვალობას. როგორ შეიძლება გამჭვირვალობა კონსტიტუციას ან ევროპულ მომავალს ეწინააღმდეგებოდეს? იმ ევროპულ ღირებულებებს, რომელიც ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. უბრალოდ წარმოუდგენელია! ეს არის უბრალოდ, იმ ბინძური პიარ-კამპანიის გაგრძელება, რომელიც “ქართული ოცნების” წინააღმდეგ მიმდინარეობდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არაფერი განსახილველი არ არის. კანონი არის მიღებული, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას ითვალისწინებს. შესაბამისად, ის ცრუ ბრალდებები, პიარ-კამპანია, რაც ამდენი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, ეს სიყალბე იყო. არწმუნებდა, თუნდაც თქვენი ტელევიზია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რომ “ამ კანონის მიღებით ჩვენ გავიღვიძებდით რუსეთში”. ამ ტიპის მესიჯები იყო. ეს არის უბრალოდ, იმ ბინძური კამპანიის გაგრძელება”, - განაცხადა კალაძემ.