ვლადიმერ პუტინი 3 სექტემბერს მონღოლეთს ეწვევა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 3 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით მონღოლეთში ჩავა.
კრემლის ცნობით, პუტინი მონღოლეთში პრეზიდენტის, უხნაგიინ ხურელსუხის მიწვევით მიემგზავრება. მონაწილეობას მიიღებს სადღესასწაულო ღონისძიებებში, რომლებიც საბჭოთა და მონღოლეთის ძალების იაპონიის შეიარაღებულ ძალებზე გამარჯვებას ეძღვნება.
როგორც კრემლის პრესრელიზშია აღნიშნული, მოლაპარაკებების დროს რუსეთისა და მონღოლეთის პრეზიდენტები განიხილავენ რუსეთსა და მონღოლეთს შორის საყოველთაო სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს, ასევე იმსჯელებენ აქტუალურ საერთაშორისო და რეგიონულ პრობლემებზე.
იგეგმება ორმხრივი დოკუმენტების ხელმოწერა.
ვლადიმერ პუტინი ასევე შეხვდება მონღოლეთის პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერ-მინისტრს.