თეგებით ძიება
30. 08. 2024 მსოფლიო

უკრაინა 2025 წლიდან ევროპაში რუსული გაზის და ნავთობის ტრანზიტს შეწყვეტს

2025 წლის 1-ლი იანვრიდან უკრაინა ევროპაში რუსული გაზის და ნავთობის ტრანზიტს შეწყვეტს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.

ამასთანავე, პოდოლიაკი ამბობს, რომ უკრაინა მზად არის ევროპაში სხვა ქვეყნების ენერგომატარებლების ექსპორტი განახორციელოს.

"დიახ, ეს შეიძლება იყოს სხვა ქვეყნების ტრანზიტული გაზი, რომელიც, მაგალითად, ევროპაში შუა აზიის ქვეყნებიდან წავა. დღეს ევროპამ გაზის და ნავთობის დივერსიფიცირება მოახდინა და რუსეთი იმ როლს აღარ თამაშობს, რომელსაც ევროპაში 5 და 10 წლის წინ თამაშობდა. 2025 წლის 1-ლი იანვრიდან ნავთობსადენი „დრუჟბა“ მუშაობას წყვეტს. ამ მილსადენით ნავთობს სლოვაკეთი, ჩეხეთი და უნგრეთი იღებენ. ევროკავშირის რეზოლუციის მიხედვით, ამ ქვეყნებმა ნავთობის მიღების დივერსიფიცირება უნდა მოახდინონ და უკრაინის გავლით რუსული ნავთობის ტრანსპორტირება შეწყვიტონ. ეს ბუნებრივ აირსაც ეხება“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

მისი თქმით, თუ რომელიმე ევროპულ ქვეყანას ყაზახეთიდან ან აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის მიწოდება დასჭირდება, უკრაინა მზად არის, რომ მისი ტრანსპორტირება მოახდინოს.

პოდოლიაკი ამბობს, რომ უნდა არსებობდეს შესაბამისი ლოგისტიკა, კონტრაქტი და უკრაინის ტრანზიტული როლი განისაზღვროს.

რუსული „გაზპრომის“ და უკრაინული „ნაფტოგაზის“ კონტრაქტი დასავლეთი და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში ბუნებრივი აირის ტრანზიტის შესახებ 2024 წლის ბოლოს იწურება. უკრაინამ რამდენჯერმე განაცხადა, რომ კონტრაქტს ის არ გააგრძელებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა