პუტინმა მონღოლეთში ვიზიტის წინ გარანტიები მიიღო, რომ ჰააგის სასამართლოს ორდერის საფუძველზე არ დააპატიმრებენ - Bloomberg
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მონღოლეთში დაგეგმილი ვიზიტის წინ გარანტიები მიიღო, რომ მას არ დააპატიმრებენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერის საფუძველზე. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
3 სექტემბერს პუტინის პირველი ვიზიტი შედგება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრ სახელმწიფოში მას შემდეგ, რაც გასული წლის მარტში მისი დაკავების ორდერი გაიცა.
როგორც რომის სტატუტის ხელმომწერი მხარე, მონღოლეთი ვალდებულია შეასრულოს ორდერი და დააპატიმროს პუტინი, თუ ის მის ტერიტორიაზე აღმოჩნდება.
კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინის მონღოლეთში ვიზიტის ყველა ასპექტი საგულდაგულოდ იყო მომზადებული.
„არა, არანაირი შეშფოთება არ გვაქვს, ჩვენ შესანიშნავი დიალოგი გვაქვს ჩვენს მეგობრებთან მონღოლეთიდან“, - აღნიშნა კრემლის წარმომადგენელმა.
რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერი ჰააგის სისხლს სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2023 წელს გასცა. პუტინი ეჭვმიტანილია სამხედრო დანაშაულების ჩადენაში. კერძოდ კი რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიებიდან უკრაინის მოქალაქეთა, კონკრეტულად კი ბავშვების დეპორტაციაში. მექსიკა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას ცნობს.