ევროკავშირმა უარი თქვა უკრაინელი სამხედროების უკრაინაში გაწვრთნაზე, თუმცა მათ უკრაინის ტერიტორიისგან მაქსიმალურად ახლოს მოამზადებს
ევროკავშირმა უარი განაცხადა კიევის თხოვნაზე, გაწვრთნას უკრაინელი სამხედროები უკრაინაში, თუმცა მათ უკრაინის ტერიტორიისგან მაქსიმალურად ახლოს მოამზადებს.
როგორც ბრიუსელში გამართული თავდაცვის არაფორმალური მინისტერიალის დასრულებისას ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფო ამის წინააღმდეგი იყო.
„უკრიანაში მომზადება – რატომაც არა? ისინი (უკრაინელი სამხედროები) იქნებოდნენ უფრო ახლოს გარემოსთან, სადაც მათ ბრძოლა მოუწევდათ. ეს უფრო შესაბამისი იქნებოდა. ზოგიერთი წევრი სახელმწიფო იყო მზად, ზოგი წინააღმდეგი. საბოლოოდ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ წვრთნა მოხდება რაც შეიძლება ახლოს უკრაინასთან, თუმცა არა უკრაინის ტერიტორიაზე“, – განაცხადა განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
ბორელის თქმით, რუსეთის ფართომასშტაბური ინტერვენციის შემდეგ, ევროკავშირში მომზადება გაიარა 60 ათასამდე უკრაინელმა სამხედრომ და მინისტრები შეთანხმდნენ, რომ წლის ბოლომდე კიდევ 15 ათასი ჯარისკაცის გაწვრთნა იგეგმება.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, კიევმა სთხოვა ევროკავშირს, განეხილა გარკვეული წვრთნების ჩატარება უკრაინის ტერიტორიაზე იმ არგუმენტით, რომ ეს უფრო სწრაფი, ეკონომიკურად ეფექტიანი და ლოგისტიკურად უფრო მარტივი იქნებოდა. თუმცა ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ეწინააღმდეგება უკრაინის შიგნით ჯარების განთავსებას.