ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური ნიკოლაი ოლეშჩუკი თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამისი ბრძანება პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ზელენსკიმ ამ საკითხზე ვიდეომიმართვაც გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალები სამეთაურო დონეზე უნდა გაძლიერდეს.
„გადავწყვიტე, შევცვალო უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაური. უსაზღვროდ მადლიერი ვარ ჩვენი ყველა სამხედრო მფრინავის, ინჟინრის, მობილური საცეცხლე ჯგუფების მეომრების, საჰაერო თავდაცვის ეკიპაჟების. ყველასი, ვინც ნამდვილად იბრძვის უკრაინისთვის – შედეგისთვის. ეს საჭიროა ასევე სამეთაურო დონეზეც. ჩვენ უნდა გავძლიერდეთ და დავიცვათ ხალხი. დავიცვათ პირადი შემადგენლობა. დავიცვათ ჩვენი ყველა მეომარი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებით, საჰაერო ძალების მეთაურის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა გენერალ-ლეიტენანტი ანატოლი კრივონოჟკო, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სარდლობა „ცენტრს“ ხელმძღვანელობდა.
ცნობისთვის, მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ დასავლეთის დახმარების ფარგლებში გადაცემული თანამედროვე თვითმფრინავ F-16-ებიდან ერთ-ერთი დაკარგა. უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა, მარიანა ბეზუგლამ განაცხადა, რომ F-16 უკრაინულმა ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და ეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს შორის არაკოორდინირებული მოქმედებების გამო მოხდა. საპასუხოდ უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალების მეთაურმა დეპუტატი სამხედრო ხელმძღვანელობის დისკრედიტაციაში დაადანაშაულა. ოლეშჩუკმა განაცხადა, რომ F-16-ის ჩამოვარდნასთან დაკავშირებული ინციდენტის გამოძიება მიმდინარეობს, რაშიც ჩართულია აშშ-ის წარმომადგენლებიც.