თეგებით ძიება

მზად ვართ, ყველა ტიპის ცვლილებას მხარი დავუჭიროთ, რომელიც მოემსახურება საქართველოს ეკლესიის განმტკიცებას - ფიქრია ჩიხრაძე

კოალიცია „ძლიერი საქართველოს" წევრის, ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, არც ეკლესიის თემა და ზოგადად, არც საკონსტიტუციო ცვლილებები ერთი პოლიტიკური ძალის ფარგლებში არ შეიძლება ხდებოდეს.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ" საზოგადოებას უნდა განუმარტოს რა ტიპის ცვლილებას აპირებენ, რათა ყველამ გამოხატოს პოზიცია.

ჩიხრაძის თქმით, ყველა ტიპის ცვლილებას, რომელიც მოემსახურება საქართველოს ეკლესიის განმტკიცებას, მისი როლის უპირატესად წარმოჩენას, მათი კოალიცია მხარს დაუჭერს.

„რაც შეეხება „ქართული ოცნების" მცდელობებს ეკლესიასთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ ისინი ისეთ რამეს სთავაზობდნენ ეკლესიას - სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას, იმ სტატუსს, რომელიც ახლა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას კონსტიტუციური შეთანხმების სახით აქვს, ძალიან დაბლა სწევდა. ამაზე უარყოფითი რეაქცია იყო, როგორც საეკლესიო წრეებისაგან, ასევე საზოგადოებისაგან.

დღეს, ისინი გვეუბნებიან, რომ რაღაცაზე შეთანხმდნენ. ჩვენი პოზიცია არის ასეთი, რომ არც ეკლესიის თემა და ზოგადად, არც საკონსტიტუციო ცვლილებები ერთი პოლიტიკური ძალის ფარგლებში არ შეიძლება ხდებოდეს. აქ დასამალი და „კუკუდამალობანას" სათამაშო არაფერი არ არის.

მათ ღიად საზოგადოებას უნდა უთხრან რა ტიპის ცვლილებას აპირებენ, ჩვენ მზად ვართ, ყველა ტიპის ცვლილებას მხარი დავუჭიროთ, რომელიც მოემსახურება საქართველოს ეკლესიის განმტკიცებას, მისი როლის უპირატესად წარმოჩენას, რომელიც ისედაც არის ასახული კონსტიტუციაში, მაგრამ ამას თუ კი გაძლიერება სჭირდება, ჩვენ მზად ვართ, რომ ამას მხარი დავუჭიროთ. ამას არ სჭირდება, რომ აუცილებლად ეს საარჩევნო კონტექსტში განვიხილოთ. ამაზე საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფების თანხმობა მნიშვნელოვანია. რაც მთავარია თავად ეკლესიის თანხმობა მნიშვნელოვანია. ამიტომ ვთავაზობთ, რომ ახლავე გაასაჯაროონ, ვიმსჯელოთ ამ თემაზე, და ნუ ველოდებით არჩევნებს. ინიცირება ახლავე მოხდეს და ახლავე ყველამ გამოხატოს პოზიცია. არ შეიძლება, რომ ეკლესიასთან დამოკიდებულების თემა პოლიტიკურ ინსტრუმენტად ვაქციოთ. ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს ფარული თვალთვალი, მიყურადება დაუნიშნა და მერე სუს-ის „კრებსები" გაავრცელა და ყველანაირად შეეცადა, რომ ეკლესიის დისკრედიტაცია მოეხდინა, ახლა უნდა, რომ რაღაცა თითქოს ეკლესიის გამაძლიერებლის მანტია მოისხას. ეკლესია არ არის, რომელიმე პარტიის კუთვნილება, ეკლესია ყველას გეკუთვნის და მისი გაძლიერებისთვის ზრუნვა ყველას მოვალეობაა", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა